ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ტაივანის პრეზიდენტს ხვდება, რაც პეკინის კრიტიკას იწვევს

გრეგ ჰენდსი - ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ვაჭრობის დარგში

ოფიციალური ლონდონის ცნობით, ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ვაჭრობის დარგში, რომელიც ამავე დროს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრია, ტაივანში ჩადის. ტაიპეიში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გრეგ ჰენდსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენსაც შეხვდება.

დასავლელი მაღალჩინოსნის მორიგი ვიზიტი ტაიპეიში ჩინეთის განაწყენებას იწვევს. პეკინი დემოკრატიული მმართველობის მქონე ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ტაიპეის მხრიდან უცხოეთის მთავრობებთან ოფიციალურ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.

ასევე ნახეთ: „დიახ“, ამერიკა დაიცავს ტაივანს ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, ამბობს ბაიდენი

დასავლელი ლიდერების ტაიპეიში ჩასვლა პეკინის განსაკუთრებულ ბრაზს იწვევს ხოლმე, რადგან ჩინეთი მიიჩნევს, რომ ეს ტაივანის დამოუკიდებლობის და ჩინეთისგან გამოყოფის მხარდაჭერაა. ამჯერადაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ლონდონს, "შეწყვიტოს ოფიციალური ურთიერთობა ტაივანთან და ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ძალებისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა".

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი გრეგ ჰენდსი ტაივანში დაგეგმილი რიგით 25-ე ბრიტანეთ-ტაივანის სავაჭრო მოლაპარაკების თანამასპინძელი იქნება. ქვეყნის პრეზიდენტის გარდა, ვიზიტის განმავლობაში ის ტაივანის სხვა ოფიციალურ პირებსაც ხვდება, მათ შორის - ეკონომიკის მინისტრ ვანგ მეი-ჰუას და ვაჭრობის საკითხებში ქვეყნის უმაღლეს მომლაპარაკებელს, ჯონ დენგს.

"ტაივანში პირადად ჩასვლა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მკვეთრი სიგნალია ბრიტანეთ-ტაივანის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისადმი ერთგულების თაობაზე. ისევე, როგორც გაერთიანებული სამეფო, ტაივანი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის დამცველია, რომელიც წესრიგზე დამყარებულ გლობალურ სავაჭრო სისტემას ეფუძნება", - აცხადებს ლონდონი.