ბრიტანელი კანონმდებლები ჰონგ-კონგის მმართველისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

ბრიტანელი კანონმდებლები ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ე.წ. "მაგნიტსკის ტიპის" სანქციების დაწესებას ემხრობიან. მათი აზრით ამგვარი სანქციები უნდა დაუწესდეს ქერი ლემსაც, ჰონგ-კონგის მმართველს იმისთვის, რომ ჰონგ-კონგში ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების შესახებ ჩინეთის კანონმდებლობა ამოქმედდა.

დასავლური სახელმწიფოები რეაგირებენ იმ კანონზე, რომელიც მკაცრად ზღუდავს პროტესტს და ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკას. კანონის თანახმად, ქვეყნისგან გამოყოფის, გადატრიალების, ტერორიზმის თუ უცხო ქვეყნის მთავრობასთან შეთქმულების ფაქტები სამუდამო პატიმრობით დაისჯება.

ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მათ მოკავშირეებთან ერთად ჩინეთის წინააღმდეგ არსებულ რესურსებს ამოწმებენ, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კი დაძაბულობა იზრდება.

კონსერვატორთა პარტიის ყოფილი ლიდერი დუნკან სმიტი იმ რამდენიმე კანონმდებელს შორისაა, რომლებიც ბრიტანეთის ხელისუფლებას ბეკინისადმი უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მას ეთანხმება ქრის ბრაიანიც, პარლამენტის წევრი შრომის პარტიიდან.

ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" შესაბამისად, სანქციები რუსეთის, საუდის არაბეთის, ბირმისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესა. ეს მთავრობას საშუალებას აძლევს გაყინოს მათი ფინანსური აქტივები და მოგზაურობაზე შეზღუდვა დააწესოს. ამ თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მდივანმა პარლამენტში განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ლემიც ამ სანქციების სამიზნე გახდეს.