ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აიკრძალება რუსეთიდან ექსპორტირებული სპილენძის, ალმასის, ნიკელის და ალუმინის შემოტანა. ის ახლა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე დიდი შვიდეულის სამიტზე იაპონიაში იმყოფება.
მოსკოვი ალუმინის, ნიკელის და ალმასის წამყვანი ექსპორტიორია. ფუკუშიმაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე გრძელდება განხილვა, თუ როგორ მოხდეს რუსეთის ალმასით ვაჭრობის კონტროლი და ამ პროცესის შემდგომში კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა.
ბრიტანეთმა რუსეთიდან გასულ წელს $34.6 მილიონის ღირებულების, 11 500-მდე ტონა ალუმინი შეიტანა, დაახლოებით ამდენივე - წინა წელს. 2023 წლის პირველი 3 თვის მანძილზე რუსეთიდან ალუმინის იმპორტი არ მომხდარა.
2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ალმასის ღირებულებამ $188 794 შეადგინა. 2022-ში კი $4.1 მილიონი. ბრიტანეთმა გასულ წელს ჯამში $1.628 მილიარდის ალმასი შეიძინა, მაგრამ უმეტესობა, 76% ბელგიის, ისრაელის, ინდოეთის და შეერთებული შტატების ხარჯზე მოხდა.
რაც შეეხება ნიკელს, 2021-ში ბრიტანეთმა რუსეთიდან $28 მილიონის ღირებულების, 1 145 ტონა ნიკელი შეიძინა. 2022-ში ნიკელის იმპორტი გაიზარდა და 9 155 ტონა შეადგინა. 70% ქვეყანაში ავსტრალიიდან, ფინეთიდან და ნორვეგიიდან შევიდა. ბრიტანეთს რუსეთიდან ნიკელი წელს იანვარ-მარტის თვეში აღარ შეუძენია.
სპილენძი ლონდონს 2021 წელს საერთოდ არ შეუსყიდია. 2022-ში კი სპილენძის იმპორტმა 15 252 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც $135 მილიონს აჭარბებს. იმპორტის 98% ბელგიიდან იყო.
Your browser doesn’t support HTML5