ამ კვირაში ბრიტანეთმა და ევროკავშირმა დაიწყეს გადამწყვეტი მოლაპარაკებები, მომავალი სავაჭრო ურთიერთობის საკითხზე, რომელიც გარდამავალი პერიოდის დასრულების ბოლო დღის, 31 დეკემბრის შემდეგ დაიწყება. ორ მხარეს ათ თვეზე ნაკლები დრო რჩება იმისთვის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას მიაღწიონ და მისი რატიფიცირება მოახდინონ. მოლაპარაკებების დაწყებიდან პირველივე დღეს, ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მისი პოზიცია გამოაქვეყნა. ლონდონი იმედოვნებს, რომ პარალელურად მიმდინარე დისკუსიები, ევროპასთან მოლაპარაკებებში მას დამატებით ბერკეტს მისცემს.
ბრიტანეთს სურს შეერთებული შტატებისთვის გახსნას ბაზარი ისეთ დარგებში, როგორიცაა ავტოწარმოება, პროფესიული მომსახურება, როგორიცაა იურიდიული სფერო და არქიტექტურა, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დიდი ბაზები და კვების მრეწველობა. ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ამ თვის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.
ბრიტანეთმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატებისთვის საკუთარი ეკონომიკის საკვანძო სფეროების გახსნას გამორიცხავს.
ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა: “თქმაც არ უნდა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის საკითხი არ განიხილება და არ მივიღებთ საკვები პროდუქტის, ჰიგიენის ან ცხოველთა მიმართ მოპყრობის სტანდარტების ნებისმიერ დაკნინებას.”
შეერთებულ შტატებს შესაძლოა სხვა მოსაზრებები ჰქონდეს. შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელმა რობერტ ლაითჰაიზერმა ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ იმედი აქვს ბრიტანეთი “უბრალოდ არ მიიღებს ევროპულ სტანდარტებს” აგრო-პროდუქციაზე, როგორიცაა ფრინველის ხორცის ქლორში რეცხვის და საქონლისთვის ზრდის ჰორმონების მიცემის პრაქტიკის აკრძალვა. მან ასევე თქვა, რომ ამერიკულ კომპანიებს ჯანდაცვის ბაზარზე წვდომის საშუალება მიეცემა. ლაითჰაიზერმა თქვა, რომ ორივე მხარეს შეუძლია ამ უთანხმოებების დაძლევა და სავაჭრო შეთანხმების დადება.