2 მაისს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საერთაშორისო ძალისხმევის წინადადებით გამოდის.
რააბი უმასპინძლებს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 3-5 მაისს გაიმართება. ეს, ორი წლის განმავლობაში პირველი პირისპირ შეხვედრაა და დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორის რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა იქნება.
რააბმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრიტანეთი დიდი შვიდეულის წევრებს სთხოვს რუსული “სიცრუის და პროპაგანდის, ან ყალბი ახალი ამბების” წინააღმდეგ“სწრაფი მოგერიების მექანიზმი” ერთობლივად შეიმუშაონ.
რააბს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა - ინიციატივის იდეა ისაა, რომ “მოსაგერიებლად გავერთიანდეთ - გულწრფელად რომ ვთქვათ, სიმართლე მივაწოდოთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხალხს, არამედ რუსეთშიც და ჩინეთშიც და მთელ მსოფლიოშიც.”
ასევე ნახეთ: რუსეთი და კორონავირუსზე გავრცელებული დეზინფორმაცია
დიდი შვიდეულის წევრები არიან ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია. ბრიტანეთმა შეხვედრაზე ავსტრალიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებიც მიიწვია.
რუსეთი ადრე ე.წ. “დიდი რვიანის” წევრი იყო, მაგრამ 2014 წელს, უკრაინისგან ყირიმის ძალადობრივი ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, მას წევრობა შეუჩერდა.
ბრიტანელი, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები რუსეთს ბრალს სდებენ საკითხების ფართო დიაპაზონზე,მათ შორის არჩევნების, “კოვიდ-19” ვაქცინის და ნატოს თემებზე დეზინფორმაციის გავრცელებაში.