დიდი ბრიტანეთის 200-ზე მეტი ცნობილი ადამიანი, მათ შორის კინოვარსკვლავები: რალფ ფაინსი, კირა ნაითლი, ბენედიქტ კამბერბაჩი და ბევრი სხვა, მთავრობას ლტოლვილი ბავშვების პროგრამის ხელახალი ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში ბოლო 9 თვის მანძილზე მხოლოდ 200 ბავშვი მიიღეს, პროგრამის საბოლოო დახურვამდე, კიდევ დაახლოებით 150 ბავშვის ჩამოყვანა იგეგმება.
ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილ ღია წერილში, რომლის ადრესატიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეია, პროგრამის დახურვა “ნამდვილ სირცხვილად” და “ყოვლად მიუღებელ” ქმედებად არის შეფასებული. “ქვეყანა, რომელიც ჩვენ ვიცით და გვიყვარს, ამაზე გაცილებით უკეთესია” - აცხადებენ ბრიტანელები.
მარტოდ დარჩენილი ბავშვების ბრიტანეთში დასახლება ისედაც არ იყო მთავრობის იდეა. საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებას თვეები დასჭირდა და ბრიტანეთის მთავრობას უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდა, რომ კანონმდებლების მიერ მიღებული ცვლილება არ გაეთვალისწინებინა. პარლამენტარებს პროგრამის მიხედვით, 3 ათასზე მეტი ბავშვის შემოყვანა სურდათ. კანონის მიღებიდან კიდევ 5 თვე გავიდა, ვიდრე დიდ ბრიტანეთში პირველი უდედმამოდ დარჩენილი ლტოლვილი ბავშვი შეიფარეს.
მემარჯვენე ჟურნალ-გაზეთები ბავშვების დასახლებას ცინიზმით და კრიტიკით შეხვდნენ. ჯერ ისეთი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებითაც ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ისინი პატარები არ არიან. შემდეგ კი დაიწყო კამათი იმის შესახებ, რომ ბავშვების ბრიტანეთში დასახლება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. პროგრამის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი გახდა, რამაც მთავრობის ისედაც მერყევი პოზიცია პროგრამის საწინააღმდეგოდ მიმართა.
საკანონმდებლო ცვლილების პირვანდელი ინიციატორი ალფ დაბსი იყო. ის, ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, იმ 669, ძირითადად ებრაელ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც 1939 წელს ჩეხოსლოვაკიიდან გამოიქცნენ. მათი დიდ ბრიტანეთში განსახლება ლონდონის სავაჭრო ბირჟის ახალგაზრდა ბრიტანელი თანამშრომლის, ნიკოლას უინსტონის დამსახურება იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში ნაცისტური ევროპიდან გამოქცეული 10 ათასამდე ბავშვი შეიფარეს. საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, საიმიგრაციო პროცესები და სავიზო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციები ამ ბავშვებისთვის გამონაკლისის სახით, აჩქარებული და გაიოლებული იყო.
ე.წ. “დაბსის სქემის” პროგრამის შეჩერება სახელმწიფო მინისტრმა ამბერ რუდმა გასულ კვირას იმით გაამართლა, რომ მსგავსი კანონები “მაგნიტივით იზიდავს და ადამიანის ტრეფიკინგს ახალისებს”. თუმცა, მისი თქმით, იორდანიის და ლიბანის ბანაკებიდან 3 ათასი ბავშვის მიღებაზე მთავრობა უარს არ ამბობს.
აქტივისტებს ხელისუფლების გულწრფელობის არ სჯერათ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა შეჩერებულია იმ ბავშვების შემოყვანაც, რომლებსაც ნათესავები უკვე დიდ ბრიტანეთში ჰყავთ. პროგრამის გაჩერება პატარების ტრეფიკინგის მხვერპლად გახდომის რისკებს კიდევ უფრო ზრდის, ამბობს აიდან მაკქუადი, ლონდონში დაფუძნებული მონობის საწინააღმდეგო საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი. მისი აზრით, “ხმელთაშუა ზღვაზე არსებული კრიზისის მიმართ მრავალმხრივი მიდგომის არარსებობის პირობებში, უსაფრთხო მიგრაციის ვერ უზრუნველყოფა ომს გამოქცეული ადამიანებისთვის ტრაფიკინგის მთავარი, ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია”.
უფლებადამცველების მიერ შექმნილი მდგომარეობის ნაცისტური გერმანიის დროს ებრაელთა გენოციდთან შედარებამ ოპონენტების დიდი განრისხება გამოიწვია. კომენტატორი მელანი ფილიპსი გაზეთ “ტაიმსში” წერს, რომ “მასობრივი მიგრაციის ნაკადში, რომელიც დასავლეთ ევროპისთვის საფრთხეს ქმნის, ყველა ლტოლვილი არ არის” და ამ ადამიანების შედარება ნაციზმის მსხვერპლთან უსაფუძვლო და თავად ამ “მსხვერპლის ხსოვნის მიმართაც ღალატის ტოლფასია”.
2016 წლის იანვარში გამოქვეყნებული ევროკავშირის სააგენტოს “ევროპოლის” ანგარიშით, ევროპაში გასულ წელს დაახლოებით 10 ათასამდე უსახლკარო ლტოლვილი ბავში გაუჩინარდა, რომელთაც თან უფროსი არ ახლდათ. სააგენტო შიშობს, რომ ისინი შესაძლოა ექსპლუატაციის მსხვერპლი იყვნენ. სულ, 2015 წელს ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან გამოქცეულმა დაახლოებით 90 ათასმა ბავშვმა ითხოვა.