ბრიტანეთი რუსეთს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა ბრიტანეთის 2019 წლის არჩევნებში ჩარევა სცადა: უკანონოდ მოიპოვა მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაცია ამერიკასთან დაგეგმილი სავაჭრო შეთანხმების შესახებ და ის ონლაინ გაავრცელა.

ბრიტანეთის თემთა პალატისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ქვეყნის საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი ამბობს: "თითქმის დადასტურებულია, რომ რუსმა აქტორებმა სცადეს 2019 წლის არჩევნებში ჩარევა იმით, რომ უკანონოდ მოიპოვეს და გაავრცელეს სამთავრობო დოკუმენტები".

ასევე ნახეთ: კრემლის ჰაკერები კოვიდ19-ის ვაქცინის მოპარვას ცდილობენ

რააბი ამბობს, რომ ამერიკა-ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმების თაობაზე არსებული დოკუმენტები უკანონოდ იყო მოპოვებული და შემდეგ გაჟონილი სოციალურ პლატფორმა "რედიტზე".

რააბის თქმით, მათმა გამოძიებამ დაადგინა, რომ როდესაც დოკუმენტებს მცირე გავლენა ჰქონდა, ხდებოდა ამ მასალების არჩევნების წინ სპეციალურად, უფრო ფართოდ გავრცელება და ამ გავრცელების ხელშეწყობა. ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ბრიტანეთი უფლებას იტოვებს მომავალში რუსეთს შესაბამისი ზომებით უპასუხოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კითხვებს მაშინვე არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ მოგვიანებით ოფიციალური კომენტარი გავრცელდება. წარსულში ვლადიმირ პუტინი მსგავს ბრალდებებს უარყოფდა, ან სიცილით პასუხობდა.