ბრაზილიამ ინფიცირებულთა რიცხვით იტალიას და ესპანეთს გაუსწრო

ბრაზილიამ ესპანეთს და იტალიას გაუსწრო და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდა.

ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში უეცრად 15 ათასი ახალი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის აღრიცხვის მიხედვით, კვირისთვის დაავადებულთა მთლიანმა რიცხვმა 235 ათასს გადააჭარბა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შემთხვევების ნამდვილი რიცხვი შესაძლოა უფრო მეტი იყოს, რადგან ბევრი ადამიანის ტესტირება არ მომხდარა.

გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი 16 ათასს უახლოვდება და ამ მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ახალი შემთხვევეის მკვეთრი მატება მექსიკასა და ეკვადორშიც აღინიშნა და ამის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამერიკა პანდემიის ახალ ცენტრად გამოაცხადა.

კიდევ ერთი ცხელი წერტილი რუსეთია, სადაც სულ ცოტა, მაისის ბოლო ათი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 10 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა, მაგრამ კვირას ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სტაბილიზება მოხდა. რუსეთმა დაავადების 281,752 დადასტურებული შემთხვევის და “კოვიდ-19”-თნ დაკავშირებული 2,631 გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

ახალი ცხელი წერტილები ჩნდება აფრიკაში, განსაკუთრებით ნიგერიაში, რაც უმოქმედობით გამოწვეული საშიშროებისადმი ყურადღებას იპყრობს.

ესპანეთი და იტალია, რომლებიც მარტში კორონავირუსის მსოფლიო აფეთქების ცენტრში იყვნენ, ორთვიანი კარანტინის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან და ინფიცირების ახალი შემთხვევები იქ არ აღრიცხულა. ამ ორ ქვეყანაში, ვირუსით გარდაცვალების დღიური რიცხვიც მცირდება.