ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხელოვნების ნიმუშები დაიწვა

ბრაზილიის და მთლიანად სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი იწვის. ამ დროისთვის ცეცხლი "თითქმის კონტროლდება" - აცხადებს ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის პრესსპიკერი. ხანძრის სრულ ჩაქრობას რობერტო რობადლის თქმით, კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება. ხელოვნების ნიმუშების მცირე ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ დიდი ნაწილი დამწვარია.

ეროვნული მუზეუმი 200-ზე მეტი წლისაა და მასში 20 მილიონზე მეტი ხელოვნების ნიმუში ინახებოდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ბრაზილიის პრეზიდენტის მაიკლ ტემერის თქმით, სახელმწიფომ "აუნაზღაურებელი" დანაკლისი განიცადა.

"ეს ბრაზილიისთვის ტრაგიკული დღეა" - ამბობს პრეზიდენტი ტემერი. "კვლევის და ცოდნის ორასწლოვანი ისტორია დაიკარგა... კულტურა გლოვობს, ქვეყანა გლოვობს". მუზეუმის ვებგვერდი იუწყება, რომ იქ ხელოვნების ნიმუშების გარდა, 20 ათასზე მეტი ისტორიული ფასეულობის მქონე ნივთი ინახებოდა.