ბლინკენი, ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლასთან დაკავშირებით, სენატის წინაშე დაკითხვაზე წარსდგება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, კონგრესში, იმ კანონმდებლების წინაშე წარსდგება, ვინც ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის ოპერაცია უნდა შეაფასოს.

რესპუბლიკური პარტიის წევრებმა და დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი ბაიდენი იმის გამო, თუ როგორ დაიგეგმა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა და ათასობით ამერიკელისა და ავღანელის ევაკუაცია.

კრიტიკა განსაკუთრებულად მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქაბულის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ასევე ნახეთ: ყველას უნდა მიეცეს ქვეყნიდან წასვლის უფლება -ბლინკენი თალიბანს მიმართავს

ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოთხოვნაზე, წარმსდგარიყო მათ წინაშე და შეკითხვებზე ეპასუხა, თანხმობა განაცხადა. მოსმენა მომავალ სამშაბათს გაიმართება. დიდი ალბათობით, კონგრესის სხვა კომიტეტებიც დაიწყებენ ავღანეთში მომხდარის გამოძიებას.

ევაკუაციისა და ჯარის გამოყვანის ოპერაცია კვირაზე მეტია, რაც დასრულდა. თუმცა, ავღანეთში 100-მდე ამერიკის მოქალაქე და ამერიკელების მოკავშირე ავღანელები დარჩნენ, რომლებიც ქვეყნიდან გამოსვლას ცდილობენ.

ეროვნული გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას დაესრულებინა ე.წ "სამუდამო ომი", ამერიკელების უმეტესობა ეთანხმება, თუმცა ისინი არ ეთანხებიან პრეზიდენტის გეგმას ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

ბლინკენს, სავარაუდოდ, მძიმე შეკითხვები ელოდება. მათ შორის ისიც, თუ რატომ არ დაიწყო ამერიკამ მოქალაქეების ევაკუაცია იმაზე ადრე, ვიდრე ეს მოხდა.