ბლინკენი: ამერიკა ირანის ბირთვულ შეთანხმებას ჯერ არ დაუბრუნდება

ამერიკის პირველმა დიპლომატმა ენტონი ბლინკენმა მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები ირანზე აქამდე დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს იმ დრომდე, ვიდრე თეირანი იმის დემონსტრირებას არ მოახდენს, რომ იწყებს ქმედით ნაბიჯების გადადგმას 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით. სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ ირანის ეს ქმედება აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ამერიკამ ხელშეკრულებაში სავარაუდო დაბრუნებაზე დაიწყოს ფიქრი.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკა ჯერ ძალიან შორსაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისგან, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.

ასევე ნახეთ: ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი სამუშაო დღე დაიწყო

„ირანი [ხელშეკრულების] რამდენიმე პუნქტს არღვევს და თუ გადაწყვიტა, რომ მათ შესრულებს დაუბრუნდეს, ამას დრო დასჭირდება. ამის შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება დრო იმის შესაფასებლად, აკმაყოფილებს თუ არა ის ვალდებულებებს. ასე რომ, ჯერ მზად არ ვართ, მინიმუმ ასე რომ ვთქვათ,“ განაცხადა ბლინკენმა.

ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ირანს „დიპლომატიისკენ დასაბრუნებელ სანდო გზას“ შესთავაზებდა იმისთვის, რომ ირანი ბირთვული შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდეს. ამის სანაცვლოდ კი ვაშინგტონი ირანს დაწესებულ სანქციებს შეუმსუბუქებდა.

ირანი 2019 წლიდან ხელშეკრულების რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებაზე უარს აცხადებს. თეირანის თქმით, ეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების ერთპიროვნულად დატოვებაზე ირანის საპასუხო რეაქციაა. დონალდ ტრამპმა 2018 წელს ამერიკა შეთანხმებიდან გამოიყვანა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა ირანს ობამას მიერ მოხსნილი ზოგიერთი სანქცია აღუდგინა, ზოგი გაუმკაცრა და რამდენიმე ახალი სანაქციაც დაადო.