სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე „დამანგრეველი“ ეფექტი აქვს - ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი კიშინიოვში, მოლდოვა. 6 მარტი, 2022 წ.

ენტონი ბლინკენის თქმით, დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე „დამანგრეველი“ გავლენა აქვს. დღეს, ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ განიხილება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენაც. ამას გარდა, მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებზე მუშაობა ყოველდღიურად გაგრძელდება.

„მე აქ ვარ, ევროპაში და სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობ ნატოს მოკავშირეებთან, ევროკავშირის პარტნიორებთან და სხვა ქვეყნებთან, რომ გავზარდოთ არაორდინალური ზეწოლა, რომელიც სანქციების სახით უკვე განხორციელდა რუსეთზე... მათ დამანგრეველი ეფექტი აქვს რუსეთის ეკონომიკაზე. ამას გარდა, ვიღებთ დამატებით ზომებს, რომ მივაწოდოთ დახმარება ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, მათ შორის - კიდევ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გაწეული ისტორიული დახმარებაა, რომელიც ეფექტური გახლდათ“ - უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტ ჯეიკ ტაპერს.

ასევე ნახეთ: ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინამ შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავები პოლონეთისგან მიიღოს

სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციები თითქმის ყოველდღიურად იზრდება და ეს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ხდება. „რაც შეეხება საწვავს, რუსულ საწვავს, გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტს [ჯო ბაიდენს] და კაბინეტის სხვა წევრებს ამ საკითხზე, ახლა ვესაუბრებით ევროპელ პარტნიორებს და მოკავშირეებს, რათა კოორდინირებული გზა შემუშავდეს რუსული საწვავის იმპორტის აკრძალვაზე. ამასთანავე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ მსოფლიოს ბაზრებზე საწვავის ადეკვატური მარაგია. ეს დისკუსია ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობთ“.

ინტერვიუში, რომელიც მოლდოვაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს ჩაიწერა, ბლინკენმა დაადასტურა რამდენიმე ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დასავლეთი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე მუშაობს. საუბარია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოშვებულ თვითმფრინავებზე, რომელთა ოპერირებაც უკრაინელ პილოტებს უკეთ შეეძლებათ.

დღესვე, ტელეკომპანია "სი-ბი-ესთან" საუბრისას, ბლინკენმა თქვა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს მწვანე შუქი აქვთ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. "ამას მწვანე შუქი აქვს" - უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტ მარგარეტ ბრენანს, როცა მან კითხვა პოლონეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხზე დასვა.