შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩავიდა. წინასწარ გაუხმაურებელი ვიზიტით ვაშინგტონის სურვილია, კიევს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტუროს.
ბლინკენმა დღეს განცხადება ამერიკის მორიგ, $2.6-მილიარდიან დახმარებაზე გააკეთა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვისაა განსაზღვრული. ამასთან, პაკეტი მოიცავს რეგიონის დამატებით 18 ქვეყნის დახმარებას, რომლებიც "დიდი ალბათობით რუსეთის მომავალი აგრესიის რისკქვეშ არიან".
დახმარებიდან $675 მილიონი შეერთებული შტატების თავდაცვის ინვენტორიდან უკრაინისთვის შეიარაღების, ამუნიციის და მოწყობილობების მიწოდებას მოხმარდება. აქ შედის სარაკეტო და საარტილერიო სისტემები, სამედიცინო მომსახურების ჯავშანმანქანები, ღამის ხედვის მოწყობილობები და მრავალი სხვა.
ასევე ნახეთ: "უკრაინა ჩვენთვისაც იბრძვის" - აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობსამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს სთხოვს 2 მილიარდ დოლარს, რომელიც უცხოეთის სამხედრო დაფინანსების სახსრების ფარგლებში გამოიყოფა. აღნიშნული დაფინანსება უკრაინის და მისი მეზობელი 18 ქვეყნის უსაფრთხოებაში გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის იქნება განსაზღვრული.
დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმაც გააკეთა განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისთვის $675-იანი დახმარების გამოყოფის თაობაზე. ამ განცხადებებამდე სულ 2 კვირით ადრე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის, ვაშინგტონი კიევს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას დაპირდა.
საერთო ჯამში, შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისადმი $15.2 მილიარდს აღწევს. საუბარია მხოლოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ თანხებზე.