ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ, მეექვსედ ჩადის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კვლავ ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება. ეს ენტონი ბლინკენის მეექვსე ვიზიტია რეგიონში გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის მიერ "ჰამასის" თავდასხმის პასუხად დაწყებული ომის შემდეგ.

ამერიკის პირველი დიპლომატი ცდილობს მხარეებს შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესაძლებელი გახდეს. დროებითი ზავი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას, ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და "ჰამასის" მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

ასევე ნახეთ: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია

ბლინკენი ჯერ ჯედაში საუდის არაბეთის ლიდერებს შეხვდება, შემდეგ ქაიროში ეგვიპტის წარმომადგენლებთან ისაუბრებს. მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ისინი ბოლო შეთანხმების პირობებს განიხილავენ, რომელიც კატარის ინიციატივით იყო. ვიზიტის დეტალების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.

ბლინკენის თქმით, ის ასევე გააგრძელებს ღაზის სექტორის მმართველობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტის შემდგომი განახლებისა თუ მოწყობის საკითხების განხილვას.

”იანვრიდან მოყოლებული, დიდი სამუშაო გავწიეთ, განსაკუთრებით ჩვენს არაბ პარტნიორებთან. გავაგრძელებთ ამ საუბრებს და ასევე განვიხილავთ იმას, თუ რა იქნება რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის სწორი არქიტექტურა", - თქვა ბლინკენმა გამგზავრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

2023 წლის 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზის სექტორის მხრიდან თავს დაესხა ისრაელს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. მოულოდნელ თავდასხმას ისრაელში 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი ღაზის სექტორში მძევლად გაიტაცეს. მძევალთა ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაშია.

მომხდარზე პასუხად, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, რომლის შედეგადაც, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, იქ 32 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. სექტორში ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად, ღაზაში საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია.

ასევე ნახეთ: გაერო: ღაზის მოსახლეობის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა