ბლინკენი ალიანსების გასაძლიერებლად ევროპაში ჩადის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელში ჩადის. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ის შეეცდება ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორცაა კონტრტერორიზმი, კორონავირუსის პანდემია და კლიმატური ცვლილებები. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები სამშაბათს და ოთხშაბათსაა დაგეგმილი. ბლინკენი ცალკე შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.

"ეს იქნება შანსი მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, განიხილოს ინიციატივა: ნატო-2030" - განაცხადა ბლინკენის გამგზავრებამდე ფილიპ რიკერმა, ევროპის და ევრაზიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. მისი თქმით, ნატო-2030-ის ინიციატივის ფარგლებში, ალიანსი განიხილავს წინადადებებს "ჩინეთთან და რუსეთთან არსებულ შეშფოთებებზე, ასევე კლიმატურ ცვლილებებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, გლობალურ პანდემიაზე და სხვა არსებულ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას".

გასულ კვირაში, გარკვეულწილად გართულდა ურთიერთობა რუსეთთან და ჩინეთთან. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა, კრემლმა ამერიკაში თავისი სრულუფლებიანი ელჩი მოსკოვში გამოიძახა. ჩინეთთან კი პირველივე ერთობლივი მოლაპარაკება, რომელიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მიჰყავდა, დაძაბულობით და ორმხრივი საყვედურებით დასრულდა.

Your browser doesn’t support HTML5

დიპლომატიური სკანდალი ამერიკა-რუსეთს შორის -"ამერიკის ხმა" "ფორმულაზე"

წინა ოთხი წლის მანძილზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატები მხოლოდ საკუთრი ინტერესების დაწინაურების პოლიტიკას ატარებდა. მისგან განსხვავებით, ტონი ბლინკენის გამოსვლა ნატოში, ხაზს გაუსვამს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას და ფოკუსირებული იქნება "ალიანსების განახლებასა და განმტკიცებაზე" - აცხადებს ფილიპ რიკერი. "ვიცით, რომ გაცილებით ძლევამოსილად და მარჯვედ შეგვიძლია გამოწვევების დაძლევა, როცა მათ ერთად ვუსწორებთ თვალს და ჩვენ ალიანსების მოდერნიზაციას ვგეგმავთ" - ამბობს ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

ევროპაში ენტონი ბლინკენი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს და ჯოზეფ ბორელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ევროკავშირის პარტნიორებთან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია და "გლობალური გამოწვევები, რომელიც ირანიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან მოდის".

ასევე ნახეთ: რას უნდა ელოდოს სამხრეთ კავკასია ბაიდენის ადმინისტრაციისგან