შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, სოციალურ ქსელ "ექსზე" განაცხადა, რომ ის შეიმუშავებს სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე.
განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 23 მაისს, სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
"ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის“ კანონმდებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ყოფილ "ტვიტერზე".
I am announcing a new visa restriction policy for those responsible for undermining democracy in Georgia, including in connection with the Georgian Dream’s proposed “foreign influence” legislation.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) May 23, 2024
ის, თუ ვის შეეხო აღნიშნული შეზღუდვები, ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფო მდივნის განცხადებაში დამატებითი დეტალები არ არის. "ამერიკის ხმა" განაახლებს ინფორმაციას დაზუსტებული ცნობების მიღებისთანავე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებას, წინ უძღოდა აშშ-ის სენატში, სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ „ქართველი ხალხის აქტის“ წარდგენა. ის ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. „აგენტების კანონის“ დაწინაურებაში და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ხელის შეშლაში. მსგავსი კანონმდებლობის წარდგენაზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობს ასევე წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი, ჯო უილსონი.