ეგვიპტის ორ ზღვისპირა ქალაქში ჭურვები აფეთქდა, ისრაელი "საჰაერო საფრთხეზე" მიანიშნებს

პარასკევს, 27 ოქტომბერს, ეგვიპტის წითელი ზღვის ნაპირზე მდებარე ორ ქალაქში ჭურვები ჩამოვარდა. თვითმხილველების და ოფიციალური პირების თანახმად, ექვსი ადამიანი დაშავდა და მომხდარი ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტის რეგიონში გავრცელების რისკზე მიუთითებს.

ისრაელმა ხაზი გაუსვა წითელი ზღვის რეგიონში „საჰაერო საფრთხის“ არსებობას. მან სავარაუდოდ მიანიშნა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთების მოძრაობაზე, რომელიც დრონების გამოყენებით არის ცნობილი.

ეგვიპტის არმიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „ამოუცნობი დრონი“ საავადმყოფოს მიმდებარე შენობას დაეცა, და ისრაელის საზღვართან მდებარე ქალაქ ტაბაში ექვსი ადამიანი დაშავდა.

ასევე ნახეთ: ეგვიპტის პრეზიდენტი: "კაირო არ დაუშვებს საკითხის სხვების ხარჯზე გადაწყვეტას"

მოგვიანებით კიდევ ერთი ჭურვი საზღვრიდან 70 კილომეტრის დაშორებით, ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნუვეიბასთნ ჩამოვარდა. არმიის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ჯერ ინფორმაციის მოძიება და შეგროვება გრძელდება.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის უკისრია.

ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ტაბა და ნუვეიბა პოპულარული ტურისტული ადგილებია.

ორივე ქალაქში თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ აფეთქებების ხმა გაიგონეს. შემდეგ მათ დაინახეს კვამლი და ამასთან ერთად, ამ ადგილების თავზე მფრენი ეგვიპტის სამხედრო თვითმფრინავები.

ადგილმდებარეობის დაზუსტების გარეშე, ისრაელის სამხედრო უწყების პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ სასწრაფოდ ჰაერში აუშვეს საბრძოლო შვეულმფრენები, როდესაც „წითელი ზღვის რეგიონში საჰაერო საფრთხე შენიშნეს“.

გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ წითელ ზღვაში მყოფმა ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა გზა გადაუჭრა ჭურვს, რომელიც ჰუთებმა პოტენციურად ისრაელის მიმართულებით გაუშვეს.