ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მზადაა რუსთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბროს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ და მასთან მოლაპარაკებები აწარმოოს. თუმცა, ბაიდენი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა დაინახოს, რომ პუტინისგან 10-თვიანი ომის დასრულების მზაობა არსებობს.
"მზად ვარ, რომ პუტინს ვესაუბრო, მაგრამ ამას მხოლოდ ნატოელ მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ ვიზამ",- თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბაიდენი ჟურნალისტებს 1 დეკემბერს მას შემდეგ შეხვდა, რაც მანამდე რამდენიმესაათიანი საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანულ მაკრონთან. მაკრონმა და ბაიდენმა, სწორედ უკრაინის თემაზე ისაუბრეს.
"არ მაქვს რაიმე დაუყოვნებელი გეგმა, რომ ბატონ პუტინს ვეკონტაქტო, ამას ჩემით არ გავაკეთებ... ამ ომის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზაა, პუტიმა უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს. ავადმყოფობაა რასაც ის აკეთებს. თუ [პუტინი] ომის დასრულების გზას ეძებს, მას ის ჯერ არ მოუნახავს",- თქვა ბაიდენმა.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ამ თემაზე კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკეთა. მან თქვა, რომ დარწმუნებულია, ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება მეტი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით.
"ეს ჩვენს ღირებულებებს შეეხება... ამერიკული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- თქვა მაკრონმა.