შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს კვლავ იყაროს კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას 22 ნოემბერს განაცხადა.
79 წლის ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც ზოგიერთ დემოკრატს გაუჩინა კითხვა იმის შესახებ იყრის თუ არა პრეზიდენტი კენჭს მეორე ვადით.
„იყრის. ასეთია მისი განზრახვა“, თქვა ფსაკიმ.
ასევე ნახეთ: ვისკონსინის ინციდენტში ეჭვმიტანილი გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებულიდემოკრატებში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ვირჯინიაში, რომელიც დემოკრატებისთვის ერთ-ერთ საყრდენ შტატად ითვლება, გუბერნატორის და კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს. ეს შტატის რესპუბლიკელებისკენ შეტრიალების დრამატული მაგალითი იყო, რადგან გასულ არჩევნებში ვირჯინიამ ხმა დემოკრატებს მისცა. დემოკრატებმა ასევე მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსიში.
ასევე ჩნდება კითხვები იმაზე, იქნება თუ არა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი იმ შემთხვევაში თუ ბაიდენი კენჭს არ იყრის. თუმცა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული USA Today/სუფოკლის გამოკითხვის თანახმად, ჰარისის საქმიანობა ამერიკელების მხოლოდ 28 პროცენტი აფასებს დადებითად.
გასულ პარასკევს ბაიდენს პრეზიდენტის ამპლუაში პირველი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ დაჭიმული კუნთების და კუჭის მომატებული მჟავიანობის გარდა პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. ექიმების თქმით, ბაიდენი სრულიად ჯანმრთელია სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად.