ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: ამერიკა აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ნატოს მისიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ქართველი ჯარისკაცების წვლილს რეგიონული უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს საგარეო უწყებაში 28 ოქტომბერს გამოგზავნილ წერილში, რომელიც დიპლომატიური უწყების "ფეისბუქ" გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მადლობას გიხდით ტერორიზმის წინააღმდეგ და რეგიონული უსაფრთხოებისთვის ავღანეთში ნატოს მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის. საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო 2015-2021 წლებში „მტკიცე მხარდაჭერისა“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიებში შეტანილი წვლილით - სამხედრო კონტრიბუციით. მადლობას გიხდით 2 5000-მდე ადამიანის ევაკუაციის საქმეში გაწეული როლისთვის", - წერს ენტონი ბლინკენი დავით ზალკალიანისთვის გაგზავნილ წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის დიპლომატიური უწყება პატივს მიაგებს იმ 32 ქართველი სამხედროს ხსოვნას, ვინც ამ ბრძოლას შეეწირა და პატივს სცემს იმ 300 ჯარისკაცს, რომლებიც საერთო ღირებულებების დაცვისას დაშავდა.

ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ლიდერობას გლობალური და რეგიონული გამოწვევების პირისპირ. ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, ის ელის ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას საერთო ინტერესების დაწინაურების საქმეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG