შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილ პირისპირ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს ხორცპროდუქტების დამფასოებელ გლობალურ გიგანტ "ჯი-ბი-ესზე" (JBS Foods) მომხდარ თავდასხმაზე. განცხადება ოთხშაბათს თეთრმა სახლმა გააკეთა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივით, კიბერთავდასხმის გამო, დაიწყო საკითხის "სტრატეგიული შესწავლა". ჰაკერების იერიშის მსხვერპლი უქმეებზე კომპანიის ავსტრალის და ჩრდილოეთ ამერიკის ფილიალები გახდა. "ჯი-ბი-ესის" მთავარი ოფისი კი ბრაზილიაში მდებარეობს.
კომპანიის ამერიკულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, თავდასხმა რუსეთიდან მოდის. გამოსასყიდის მოთხოვნით კომპანიას უკვე მიმართეს. "ჯი-ბი-ესი", ხორცპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი მთელ მსოფლიოში, ამბობს, რომ კიბერთავდასხმის გამო შექმნილი პრობლემის მოხსნაში "მნიშვნელოვანი პროგრესია". კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი შეერთებულ შტატებში ანდრე ნოგუიერა აცხადებს, რომ მათ საწარმოებში მიმდინარე სამუშაოების უმეტესი ნაწილი აღდგენილია.
იერიშის სამიზნე შეერთებული შტატები, კანადა და ავსტრალია აღმოჩნდა. კანადაში მუშაობა ამ ეტაპზე მთლიანად აღდგენილია. კიბერთავდასხმას გადაურჩა მექსიკა და ბრიტანეთი. ხელუხლებელია თანამშრომელთა პირადი მონაცემები და მათი ინფორმაცია.
ასევე ნახეთ: "ზედმეტად პოზიტიური" თუ "ნორმალიზებისთვის აუცილებელი" - ბლინკენი-ლავროვის შეხვედრის შეფასებები"თეთრი სახლი რუსეთის მთავრობას ამ საკითხზე პირისპირ ესაუბრება და მისი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოებს მსგავსი დამნაშავეები შეფარებული არ ჰყავთ". აღნიშნული განაცხადება სამშაბათს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა გააკეთა.
ბაიდენი პუტინს ჟენევაში 16 ივნისს შეხვდება. მსოფლიოს ორი გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა მათ შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე იგეგმება. შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის უთანხმოება განსაკუთრებით გამწვავდა საპრეზიდენტო არჩევნებზე განმეორებით ჩარევის მცდელობის გამო, კრემლის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ და თავად რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შედეგად.