ბაიდენი აშშ-ში მყოფ უკრაინელებს დეპორტაციისგან დაცვას მიანიჭებს

ხუთშაბათს, აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამანტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, უკვე შეერთებულ შტატებში მყოფ ათობით ათას უკრაინელს, რომელსაც რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის გამო უკრაინაში დაბრუნება არ შეუძლია, დეპორტაციისგან დროებით დაცვას და მუშაობის ნებართვას მიანიჭებს.

დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინელებს, რომლებიც 1 მარტისთვის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ, 18 თვით ქვეყანაში დარჩენა და ლეგალურად მუშაობა შეეძლებათ.

ასევე ნახეთ: უკრაინა მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა, აცხადებს გაერო

უკრაინელებს ასეთი დაცვა მიენიჭება პროგრამის საფუძველზე, რომელიც „დროებითი დაცვის სტატუსის“ სახელითაა ცნობილი. ეს პროგრამა იმ იმიგრანტებს, რომელთაც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება არ შეუძლიათ განსაკუთრებული გარემოებების გამო, როგორიცაა ძალადობრივი კონფლიქტი ან სტიქიური უბედურება, შეერთებულ შტატებში გარკვეული დროით გაჩერების საშუალებას აძლევს.

მანამდე, აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურმა განაცხადა, რომ „მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის“ გამო უკრაინის მიმართულებით სადეპორტაციო ფრენები დროებით შეაჩერა.

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რასაც მოსკოვი „სამხედრო სპეც-ოპერაციას“ უწოდებს, მილიონზე მეტმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა და თავი ცენტრალური ევროპის მეზობელ ქვეყნებს შეაფარა.