ბაიდენი ამბობს, რომ მუშაობს კიევისთვის შორი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლების მიცემაზე

10 სექტემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღით იერიშების ნების დართვის საკთხზე მუშაობს. ჯო ბაიდენს ჰკითხეს, მოუხსნის თუ არა ვაშინგტონი მიწოდებულ იარაღზე შეზღუდვას კიევს და მისცემს თუ არა მას უფლებას, შორი რადიუსის საჰაერო სისტემები რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ისინი "ახლა ამაზე მუშაობენ".

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები არ თანხმდებოდა იმას, რომ მისი მიწოდებული იარაღი კიევს რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოეყენებინა. ამის მიზეზად კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე სახელდებოდა.

უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თაობაზე, შეზღუდვებს აწესებდნენ კიევის სხვა ევროპელი პარტნიორებიც. ისინი შიშობდნენ, რომ ასეთი იერიშები საპასუხო თავდასხმებს გამოიწვევდა და ნატოს ქვეყნები შესაძლოა ომში, საბოლოო ჯამში კი, ბირთვულ ომში ჩათრეულები აღმოჩენილიყვნენ.

გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატები ემზადებოდა უკრაინისთვის მსგავსი იარაღის მიცემისთვის, თუმცა კიევს შესაძლოა კიდევ თვეების განმავლობაში ლოდინი დასჭირდეს. ვაშინგტონი იარაღის თითოეულ მიწოდებამდე კონკრეტულ ტექნიკურ დეტალებს ამუშავებს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ვაშინგტონს უკვე გადაწყვეტილი აქვს, მისცეს უკრაინას უფლება, რუსეთზე იერიშისთვის შორი რადიუსის იარაღი გამოიყენოს. მისი თქმით, მოსკოვს "შასაბამისი" პასუხი ექნება, თუკი ეს მოხდება. თუმცა, პესკოვმა იქვე ისიც დასძინა, რომ არაა საჭირო "ყველაფერზე პასუხის ძიება" და რომ "თითოეულ ამ ქმედებაზე სწორედ სპეციალური სამხედრო ოპერაციაა პასუხი".