ომი დასრულდა - პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვა 

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მოსახლეობას მიმართავა. ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ 15 დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, რაც ისტორიაში აქამდე არასდროს არავის გაუკეთებია.

ჩვენ გვაქვს ბერკეტები რათა ვუზრუნველყოთ, რომ აღებულ ვადლებულებებს შეასრულებენ
ჯო ბაიდენი


„გუშინ ქაბულში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 წლიანი ომი დაასრულა ავღანეთში. ეს იყო ყველაზე გრძელი ომი ამერიკის ისტორიაში. ჩვენ შევასრულეთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერაცია და ავღანეთიდან 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შევძელით მათი უსაფრთხოებისთვის. ეს რიცხვი ოჯერ აჭარბებს ექსპერტების მოლოდინებს, რომლებიც ამბობდნენ, თუ რამდენი ადამიანის ევაკუაცია იქნებოდა შესაძლებელი. არაცერთ ერს, არასდროს ისტორიაში ასეთი რამ არ გაუკეთებია. ამის შესაძლებლობა მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს. ჩვენ გვაქვს ამის უნარი და ნება და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ამ მისიის წარმატება ამერიკელი სამხედროების, დიპლომატებისა და სადაზვერვო სამსახურების თანამრომლების წარმოუდგენლად დიდი შრომის, სიმამაცისა და გამბედაობის შედეგია,"_ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

თეთრ სახლში მოსახლეობისადმი მიმართვის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთში ომის დასრულება სწორი გადაწყვეტილება იყო და ამაზე პასუხისმგებლობას ის იღებს.

"ახლა იყო დრო, რომ ეს ომი დასრულებულიყო,"- აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

პრეზიდენტი ბაიდენი მადლობას უხდის მის ადმინისტრაციას სწრაფი და კარგი მუშაობისთვის და აცხადებს, რომ ევაკუაციის პროცესი წარმატებული იყო. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ დრომდე ავღანეთში 200-მდე ამერიკელი რჩება.

„საბოლოო ჯამში, ავღანეთში მყოფი ამერიკელების 90 პროცენტი, რომლებსაც ავღანეთის დატოვების სურვილი ჰქონდათ, ევაკუირებულია. ჩვენ ვალდებულები ვართ ავღანეთში დარჩენილ ადამიანებს დავეხმაროთ თუ მათ ამის სურვილი ექნებათ,“- აცხადებს ბაიდენი.

ასევე ნახეთ: ისტორიული კადრი - ბოლო ამერიკელი სამხედრო რომელმაც ავღანეთი დატოვა

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვის დროს თქვა, რომ ავღანეთიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში 5 500 ამერიკელის ევაკუაცია მოხდა. ადამიანების, რომლებიც როგორც პრეზიდენტი ამბობს, ავღანეთის დატოვებას წინა თვეების განმავლობაში არ აპირებდნენ. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ავღანეთში დარჩენილი ადამიანების უმრავლესობა ამერიკისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.

ერისადმი მიმართვის დროს ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ იზიარებს იმ ადამიანების შეხედულებას, რომლებიც ამბობენ, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის პროცესი არასწორად წარიმართა და ევაკუაციის პროცესი ადრე უნდა დაწყებულიყო.

„მე ვარ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე. ახლა ზოგი ამბობს, რომ ჩვენ უფრო ადრე უნდა დაგვეწყო მასობრივი ევაკუაცია და ეს შიეძლება უფრო მოწესრიგებულად მომხდარიყო, მე მათ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმები. წარმოიდგინეთ ივნისში ან სულაც ივლისში ათასობით ამერიკელი სამხედრო რომ ჩაგვეყვანა ავღანეთში სამოქალაქო ომის შუაგულში და დაგვეწყო 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ეს მაინც გამოიწვევდა პრობლემებს, მაინც მოხდებოდა აეროპორტთან რთული ვითარება და სახიფათო მისია. ჩემი დასკვნა ის არის, რომ არ არსებობს ევაკუაცია ომის დასრულებისას, რომელიც წარიმართება სირთულეების გარეშე და არ იარსებებს საფრთხე, ისეთი საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით,“- ამბობს ჯო ბაიდენი.

ასევე ნახეთ: ამერიკა ავღანეთში დიპლომატიურ საქმიანობას ყატარიდან განაგრძობს

პრეზიდენტმა 20 წლიან ომში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგო, მადლობა გადაუხადა ყველა ამერიკელ სამხედროს ავღანეთში მსახურობისთვის და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ამერიკელი სამხედროების გვერდით იდგება. ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი მესამე ათწლეულში არ უნდა გადასულიყო.

„მათთვის, ვინც ომის მესამე ათწლეულს ითხოვს, მე ვეკითხები, რა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული ინტერესი? ჩემი აზრით ასეთი არის ერთი: ის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ავღანეთი ვეღარ გახდება ტერორისტების თავშესაფარი, საიდანაც ისინი ჩვენზე თავდასხმას განახორციელებენ,“- თქვა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება, თუ როგორ შეასრულებს თალიბანი, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დადებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ თალიბანმა უნდა მისცეს საშუალება მშვიდობიან მოსახლეობას სურვილის შემთხვევაში უსაფრთხოდ დატოვონ ქვეყანა. ერისადმი მიმართვის დროს პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა, რომელიც ქაბულის აეროპორტში „უსაფრთხო ზონის“ შექმნას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ: „ჩემი მოკვლა უნდათ... დამსდევენ და გავრბივარ“ - ავღანელი დეპუტატი 

„ეს აგზავნის მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, თუ რას ელოდება საერთაშორისო საზოგადოება თალიბანისგან. განსაკუთრებით გადაადგილების თავისუფლების კუთხით, იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სურვილი აქვთ ავღანეთი დატოვონ.“- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ყურადღებით აკვირდება თალიბანის ქმედებებს და იმედოვნებს, რომ ავღანელი ხალხი შეძლებს ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, სურვილის შემთხვევაში კი ავღანეთიდან წასვლას მოახერხებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა, გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ბერკეტები, რათა თალიბანი აიძულოს ნაკისრი ვალებულებები შეასრულოს.

„ჩვენ მხოლოდ მათ განცხადებებს არ ვჯერდებით, ვაკვირდებით მათ ქმედებებს. ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რათა ვუზრუნველყოთ, რომ აღებულ ვადლებულებებს შეასრულებენ,“- ამბობს ჯო ბაიდენი.