აშშ-ის პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკაზე პირველ განცხადებებს აკეთებს

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ ამერიკის ჩართულობა მსოფლიოში მისი პრეზიდენტობისას მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისი თქმით, დასრულდება დონალდ ტრამპის პერიოდში მიმდინარე საგარეო ურთიერთობების "უგულვებელყოფა და ბოროტად გამოყენება".

"ამერიკა დაბრუნდა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში სტუმრობისას. ეს 20 იანვრის შემდეგ მისი პირველიოფიციალური განცხადებებია საგარეო პოლიტიკის შესახებ. "ამერიკა ვერ მისცემს თავს უფლებას, არ იყოს წარმოდგენილი მსოფლიო არენაზე. დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრშია", - ამბობს ის.

მან რუსეთი და ჩინეთის გააფრთხილა და თქვა, რომ ამერიკის კავშირები ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი და ფასეულობაა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ის პერიოდი, როდესაც ამერიკა რუსეთს წინააღმდეგობას არ უწევდა, დასრულდა.

ბაიდენმა პუტინს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ნავალნის ორწელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. ის გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს, სადაც ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ.

რუსეთმა ბაიდენის კომენტარები "აგრესულად და არაკონსტრუქტიულად" შეაფასა.

"ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გავითვალისწინებთ ასეთ "დამრიგებლურ-მფარველობით" რიტორიკას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ", - თქვა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმა და დასძინა, რომ ამერიკისგან მათთან ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.