ამერიკის არჩეული პრეზიდენტი საინაუგურაციო ფიცის დადების შემდეგ ამერიკელებს სიტყვით მიმართავს. მისი გუნდის თქმით, სიტყვა "დადებითი და ოპტიმისტური იქნება და ბაიდენი ეცდება დაყოფისა და დაპირისპირების, სიძულვილის ოთხი წლის ფურცელი გადაშალოს".
ასევე ნახეთ: "საუკეთესო დღეები წინაა" - ჯო ბაიდენიქეით ბედინგფილდმა, ბაიდენის კომუნიკაციების დირექტორმა ტელეკომპანია ABC-ის ეთერში თქვა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი მოქალაქეებს თანამშრომლობისა და თანადგომისკენ მოუწოდებს.
"ვფიქრობ, რომ ესაა ის, რაც ამერიკელებს მთელ ქვეყანაში სურთ. მათ უნდათ ხელისუფლება, რომელიც კონცენტრირებულია იმაზე, რომ მათთვის მართებული საქმე გააკეთოს და დაეხმაროს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში", - თქვა ბედინგფილდმა და დასძინა, რომ 81-მა მილიონმა ამერიკელმა ბაიდენს მხარი სწორედ იმიტომ დაუჭირა, რომ მას გამაერთიანებელი გზავნილები ჰქონდა და მათ სურდათ მთავრობა, რომელიც თანამშრომლობაზე, ერთად მუშაობაზე იქნება კონცენტრირებული.
ასევე ნახეთ: ბაიდენის ინაუგურაციაზე ახალგაზრდა პოეტი ამანდა გორმანი გამოვა
ბაიდენი ამერიკის დედაქალაქში, კაპიტოლიუმის კიბეზე ფიცს 20 იანვარს, შუადღის 12 საათზე დადებს. 6 იანვარს კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმისა და სხვა, მოსალოდნელი თავდასხმების გამო, ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. შემოღობილია მიმდებარე ტერიტორიისა და სამთავრობო შენობების დიდი ნაწილი, უსაფრთხოებას 25 000-მდე ეროვნული გვარდიელი იცავს.