ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატიის სამიტი გახსნა. მსოფლიო ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ონლაინ რეჟიმში ორი დღის განმავლობაში გამართავენ შეხვედრას, რომლის მიზანიც „დემოკრატიის განახლების და იმ უდიდესი საფრთხეების კოლექტიური მოქმედებით დაძლევას უკავშირდება, რომლებიც დემოკრატიის წინაშეა“.
დემოკრატიას სჭირდება ჩემპიონები და მე მსურდა ამ სამიტისთვის მემასპინძლა, თქვა ფორუმის გამხსნელ სიტყვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა. „აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენ სხვებივით კარგად გვესმის ის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განახლებას და გაძლიერებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება“, დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა პუტინი უკრაინაში შესაძლო შეჭრის საპასუხო ნაბიჯების შესახებ გააფრთხილასამიტი პარასკევს დამთავრდება. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიები გააძლიეროს იმ ფონზე, როდესაც გლობალურად ავტოკრატული მთავრობების რაოდენობა მატულობს. მომავალ წელს ლიდერები პირისპირ შეხვედრას გეგმავენ. თუმცა, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ სამიტი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება.
დემოკრატიის სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული. მათ შორის არიან როგორც ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, ისე რამდენიმე ისეთი სახელმწიფოც, რომელებიც ავტორიტარული ნიშნებით გამოირჩევა.
"ფრიდომ ჰაუსის" მიერ დემოკრატიული ინდექსის შესახებ გამოქვეყნებული 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის სამიტზე მიწვეულ სახელმწიფოებს შორის, 77 ქვეყანა ხასიათდება როგორც "თავისუფალი", 31 - "ნახევრად თავისუფალი" და 3 "თავისუფლების არმქონეა". ამ უკანასკნელ კატეგორიაში გადის ერაყი, ანგოლა და კონგო.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის განმარტებით, სამიტზე მიწვევა აღიარების ბეჭედს არ გულისხმობს. "ყოველი ქვეყნის დემოკრატია მიმდინარე სამუშაო პროცესია. ეს არ ნიშნავს, რომ მიწვევა-არმიწვევით ჩვენ მათ დადებით ან უარყოფით ბეჭედს ვუსვამთ... მრავალფეროვანი ხმის მქონე ქვეყნებს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა დემოკრატიის დაცვის გლობალურ მცდელობაში" - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: ბაიდენის საპრეზიდენტო განკარგულება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგპოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ სტუმართა სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეგიონული დინამიკა და შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები, მათ შორის - ქვეყნების წახალისება დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე. თეთრმა სახლმა სამიტზე ათეულობით ძალიან მცირე ქვეყანაც მიიწვია, რომელთა მოსახლეობა მილიონს არ აღემატება.
კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ვაშინგტონის ინიციატივას და მის მორალურ უფლებას, ჩაატაროს დემოკრატიის სამიტი. "შეერთებული შტატების დემოკრატიის ანგარიში დიდებულად სულაც არ გამოიყურება" - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თუმცა, თეთრი სახლის განცხადებით, აუცილებელია საკუთარი ხარვეზების გაცნობიერება და მათთან გამჭვირვალედ დაპირისპირება. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, სწორედ ეს არის ის უნიკალური თვისება, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებს გამოარჩევს და რაც დაგეგმილმა სამიტმა წინ უნდა წამოსწიოს.