ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა პუტინი უკრაინაში შესაძლო შეჭრის საპასუხო ნაბიჯების შესახებ გააფრთხილა


სამშაბათს გამართული ვირტუალური შეხვედრის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რუს კოლეგას განუცხადა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც შეერთებული შტატები იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა: „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ამას ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. შესაძლოა უკრაინელებს იმაზე ბევრად მეტი თავდაცვითი საშუალებები მივაწოდოთ, რასაც უკვე ვაწვდით და ასეთი ესკალაციის საპასუხოდ, აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ნატოელი მოკავშირეები გავაძლიეროთ.“

სალივანმა თქვა, რომ ბაიდენმა პუტინს სხვა ვარიანტი შესთავაზა - „დე-ესკალაცია და დიპლომატია.“

კრემლის თანახმად, პუტინმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხრიდან მინსკის 2015 წლის შეთანხმების შესრულების საქმეში წინსვლის არარსებობას. შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში ბრძოლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. მან ასევე „კიევის მხრიდან დონბასში პროვოკაციული ქმედებების შესახებ სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

კრემლის თანახმად, რუსეთის ლიდერმა ნატოს ბრალი დასდო, რომ ის „უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად სახიფათო მცდელობებს მიმართავს“ და რუსეთის საზღვართან სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის.

ორი ქვეყნის ლიდერებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს. მათ შორის იყო მსოფლიოში სტრატეგიული შეიარაღების სტაბილურობა, რუსეთის ტერიტორიიდან ჰაკერების თავდასხმები და ირანის ბირთვული იარაღის შემუშავების შეზღუდვის ერთობლივი ძალისხმევა.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად სალივანმა თქვა, რომ ირანის საკითხზე, ბაიდენს და პუტინს „ნაყოფიერი“ შეხვედრა ჰქონდათ.

საუბრის შემდეგ, ბაიდენი შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირეს ცალკე ესაუბრა და პუტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG