ჯო ბაიდენი მედვედევს ტელეფონით დაუკავშირდა

ბაიდენმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, სასწრაფოდ შეუწყოს ხელი საერთაშორისო მონიტორების დაშვებას უკრაინაში და დაიწყოს დიალოგი კიევთან
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ტელეფონით რუსეთის პრემიერს -დმიტრი მედვედევს- დაუკავშირდა. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, სასწრაფოდ შეუწყოს ხელი საერთაშორისო მონიტორების დაშვებას უკრაინაში და დაიწყოს დიალოგი კიევთან.

რუსეთის მედია მედვედევის პრეს-მდივნის განცხადებას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა და მასში მედვედევმა ხაზი გაუსვა „უკრაინის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას, მათ შორის - ყირიმში და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები რუსი მოქალაქეების“.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა ალექსანდერ ვიტკომ ყირიმში განლაგებულ უკრაინულ ძალებს ხვალ დილის 5 საათამდე დანებების ულტიმატუმი წაუყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამშაბათს იერიში განხორციელდება. რუსეთის სამთავრობო წყაროები ულტიმატუმის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

ბან კი მუნი რუსეთს და უკრაინას კონსტრუქციული დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა მშვიდად და სასწრაფოდ დიალოგის გზით განიმუხტოს“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, იან ელიასონი, საგანგებო დესპანი და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე კიევში იმყოფება, რათა უკრაინის ხელმძღვანელობას მოელაპარაკოს. თავად ბან კი მუნი კი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ -სერგეი ლავროვს- ხვდება და შეეცდება არ დაუშვას სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.