ბაიდენის ინაუგურაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენის საინაუგურაციო კომიტეტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები გამოაცხადა, რომლებსაც ინაუგურაციის დროს დაიცავენ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო.

კომიტეტის განცხადებით, კონგრესის ინაუგურაციის ცერემონიების კომიტეტთან თანამშრომლობით, დარწმუნდებიან იმაში, რომ ინაუგურაცია პატივს მიაგებს ამერიკულ ტრადიციებს და ამავდროულად, დაიცავს ამერიკელებს და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციას ეცდება.

ასევე ნახეთ: რა აკავშირებს ჯო ბაიდენს საქართველოსთან?

20 იანვარს, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დადებენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. ფიცის დადების ცერემონიას ბაიდენის მიერ საინაუგურაციო სიტყვის წარმოთქმა მოჰყვება.

„ცერემონიაზე დასწრება მნიშვნელოვნად შეზღუდული და აღლუმი კი განსხვავებული ფორმის იქნება,“ ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

კომიტეტი ამერიკელებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ და ისე იზეიმონ და მიადევნონ თვალი ინაუგურაციას.

ასევე ნახეთ: ტრამპი პირობას დებს, რომ არჩევნებისთვის ბრძოლას განაგრძობს

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა ინაუგურაციას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კვირას ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ინაუგურაციაზე დასწრებას, მან უპასუხა - „ამაზე საუბარი არ მინდა.“

ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და მის მიერ გამოწვეული მსხვერპლის თვალსაზრისით, შეერთებულ შტატებში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაციაა. სამშაბათ საღამოს მონაცემებით, მსოფლიოში დაფიქსირებული 73 მილიონი შემთხვევიდან, დააახლოებით, 16,5 მილიონი ამერიკაში დადგინდა. ამასთან, შეერთებულ შტატებში ამ დრომდე კოვიდ-19-მა 301, 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.