რა აკავშირებს ჯო ბაიდენს საქართველოსთან?

ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით თბილისში, 2009 წელი

“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის შემდეგ.

ჯო ბაიდენი საქართველოში, 2008 წელი

ბაიდენი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. პირველად 2008 წელს, ომიდან რამდენიმე დღეში. მაშინ, ჯო ბაიდენს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. ის 2008 წელს საქართველოში ჩავიდა, USAID-თან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების გადასაცემად.

ასევე ნახეთ: "სტუმარი ღვთისაა" - "რასაცა გასცემ, შენია - რას არა, დაკარგულია" - ენტონი ბლინკენი​ს განცხადებები

ბაიდენმა თბილისში ვიზიტის შემდეგ თქვა რომ გეგმავდა რესპუბლიკურ ადმინისტრაციასთან მუშაობას საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის დახმარების მობილიზებისთვის. „ეს ფული... არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ შეერთებული შტატები არ მიატოვებს ამ ახალგაზრდა დემოკრატიას”, - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენი ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ, ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

ჯო ბაიდენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, 2009 წელი

დიპლომატები იხსენებენ, რომ ბაიდენი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, თბილისისთვის ომის შემდგომი ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ბაიდენის ინიციატივას იზიარებდა პრეზიდენტი ობამაც.

„ჩვენ საქართველოს უნდა დავეხმაროთ ააშენოს ის, რაც დაინგრა, ამიტომ მე ამაყად ვუერთდები ჩემ მეგობარს, სენატორ ჯო ბაიდენს ქართველი ხალხისთვის დამატებით რეკონსტრუქციისთვის საჭირო ერთი მილიარდი დახმარების გამოყოფის მოთხოვნაში“, - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბარაკ ობამამ.

ასევე ნახეთ: საქართველო ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების საგარეო პოლიტიკურ ხედვაში

რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ, ვაშინგტონი საარჩევნო ციებ-ცხელებაში იყო გახვეული. დანიელ ფრიდი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი თანამდებობა ეკავა, ბუშის თეთრ სახლში მიმდინარე დისკუსიას იხსენებს.

ბაიდენი საქართველოში, 2009 წელი

„ბუშის ადმინისტრაციის მიმართ ძალზედ კრიტიკულად განწყობილი დემოკრატის მიერ იმის თქმა, რომ შეერთებულ შტატებს ერთი მილიარდი უნდა გამოეყო, ნიშნავდა, რომ ამას დემოკრატები მხარს დაუჭერდნენ. ამიტომ ჩვენც მაშინვე დავთანხმდით. მახსოვს "სიტუაციების ოთახში" ვთქვით, რომ გავიზიარებდით ბაიდენის ინიციატივას. ეს ძალზედ უჩვეულო იყო, წარმოიდგინეთ, რესპუბლიკელთა ადმინისტრაცია დემოკრატის ინიციატივას მიჰყვებოდეს, თან როცა ის მათ წინააღმდეგ მონაწილეობს არჩევნებში,“- უყვება „ამერიკის ხმას“ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მაშინდელი თანაშემწე, დანიელ ფრიდი.

ერთი წლის თავზე, ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ბაიდენი საქართველოში ჩავიდა. იმ დროს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვს სტუმრობდა. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებდა. ამ პირობებში, ობამას თეთრ სახლს სურდა გაექარწყლებინა შეშფოთება ვაშინგტონსა და თბილისში, რომ ეს შესაძლოა საქართველოს ხარჯზე მომხდარიყო.

ბაიდენის ვიზიტი თბილისში, 2009 წელი

სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში და კრიტიკოსების დარწმუნება სცადა.

„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს და მე ეს მესმის, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“, - განაცხადა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.

ასევე ნახეთ: ტეფტი: ბლინკენს 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების მობილიზებაში კრიტიკული როლი ჰქონდა

გადატვირთვამ საბოლოოდ შედეგი არ გამოიღო. მალევე რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ობამას თეთრ სახლს მოუწია მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები მიეღო. დღეს, ბაიდენისა და მისი გუნდისგან, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა ნაკლებად სავარაუდოა.

მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომავალი პრეზიდენტი უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს დემოკრატიული პროგრესის მნიშვნელობაზე რეგიონში.

სწორედ ამაზე ისაუბრა მან 2009 წლის 23 ივლისს, პარლამენტის წინაშე ემოციური გამოსვლისას. ნიშანდობლივია, რომ გამოწვევები, რაც ბაიდენმა, მაშინ გამოჰყო, ათწლეულის თავზე, თბილისისთვის კვლავ პრობლემად რჩება.

ბაიდენი საქართველოს პარლამენტში

“თქვენი ვარდების რევოლუცია, მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობრივი იქნება; როცა საკითხებზე დებატები პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში. როცა გადაჭრით მთავარ კონსტიტუციურ საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსის თაობაზე; და როცა საარჩევნო ასპარეზი თანასწორი იქნება. როცა მედია სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება, რომელიც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საკუთარი მთავრობისგან მიღებულ გადაწვეტილებებზე ანგარიშვალდებულებას მოითხოვს; როცა სასამართლო გარე გავლენისგან გათავისუფლდება და კანონის უზენაესობა დამყარდება, და როცა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესით მოხდება და არა ქუჩაში“ , - განაცხადა ბაიდენმა საკუთარ გამოსვლაში.

ბაიდენი საქართველოში, 2009 წელი

არჩეული პრეზიდენტი საქართველოს და რეგიონის საკითხებს ახლოს იცნობს, თუმცა რამდენად განსხვავებული იქნება ბაიდენის მიდგომა თბილისთან, მის წინამორბედთან შედარებით? ფრიდი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ბაიდენისთვის შიდა პოლიტიკის საკითხები და დემოკრატიული წინსვლა მნიშვნელოვანი იქნება.

ჯო ბაიდენი 2009 წელს თბილისში მიღებაზე, სადაც მან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი მიიღო

„ის საქართველოს მხარს დაუჭერს, მაგრამ ვფიქრობ, ნათლად იტყვის, რომ მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს. მისი ინტერესები საქართველოში, არა იაფფასიანი სტრატეგიითაა ნაკარნახევი, არამედ ღრმა რწმენით, რომ დემოკრატია და ფუნქციონირებადი, სუფთა მთავრობა, რომელიც მის ხალხს ემსახურება, საქართველოსთვის კარგია და კარგია შეერთებული შტატებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს შიდა დემოკრატიის საკითხები ბაიდენისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მას სჯერა, რომ დემოკრატია ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპი უნდა იყოს. ტრამპს ამის არ სჯეროდა, ის სხვა ტრადიციას ეკუთვნოდა“, - ამბობს დანიელ ფრიდი.

ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. ის თეთრ სახლში შეცვლილ მსოფლიოში დაბრუნდება. ქვეყნის შიგნით მას ახალ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება, როგორიცაა კოდივ-19, ხოლო საგარეო არენაზე, შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობას შეეჯახება.

ამ ფონზე, მომავალ პრეზიდენტს, საქართველოში კვლავ ნაცნობი პრობლემები დახვდება: პოლიტიკური პროცესის ქუჩაში წარმართვა, პრობლემური საარჩევნო გარემო, შეკითხვები სასამართლო თუ მედია დამოუკიდებლობის გარშემო.