ამერიკის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს გადადოს უზენაესი სასამართლოს წევრობის ახალი კანდიდატის დამტკიცება. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაგალითი იქნება.
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატორი მოსამართლე ემი კონი ბარეტი რუთ ბეიდერ გინსბურგის ჩასანაცვლებლად წარადგინა. დემოკრატები არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ სენატმა სულ მცირე, არჩევნების დღემდე, უფრო კი ინაუგურაციამდე უნდა მოიცადოს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ახალდამტკიცებულმა პრეზიდენტმა მიიღოს, იქნება ეს ტრამპის მეორე ვადა, თუ - ჯო ბაიდენი.
ასევე ნახეთ: ვინ ჩაანაცვლებს რუთ გინსბურგს - ძალთა ბალანსი უზენაეს სასამართლოში
უზენაესი სასამართლოს საკითხი უკვე მოხვდა პირველი დებატების მთავარ თემებს შორის. დებატები 29 სექტემბრის საღამოს გაიმართება. კანდიდატები კი ამ თემას ამომრჩეველთა მობილიზებისთვის იყენებენ.
"სენატმა ჩვენი დემოკრატია უნდა დაიცვას. სენატის მიერ დამტკიცების პროცედურის დაწყება უფსკრულისკენ გადადგმული შეუქცევადი ნაბიჯი იქნება. ეს იქნება იმ ერთადერთი პრინციპის ღალატი, რომელსაც ამერიკა ეფუძნება: ხალხი წყვეტს", - განაცხადა ბაიდენმა.
დემოკრატების ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი არჩევნებამდე ასე მცირე დროით ადრე არასდროს დამტკიცებულა. ამასთან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სენატმა სწორედ ამავე არგუმენტით თქვა უარი პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატის დამტკიცებაზე.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებამდე საკმარისად დიდი დროა დარჩენილი იმისთვის, რომ სენატში რესპუბლიკურმა უმრავლესობამ კანდიდატი დაამტკიცოს. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, თუკი არჩევნებთან დაკავშირებული დავა უზენაეს სასამართლოში აღმოჩნდება, იქ გადაწყვეტილებისთვის 9 ხმა იქნება საჭირო, რათა ხმები ოთხი ოთხის წინააღმდეგ არ გაიყოს.
ასევე ნახეთ: ტრამპმა კონსერვატორი მოსამართლე წარადგინა უზენაეს სასამართლოშითუკი სენატი 48 წლის ემი ბარეტს უზენაესი სასამართლოს წევრად დანიშნავს, ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე იქნება, ვინც ამ პოზიციას დაიკავებს. ამასთან ქვეყნის უმაღლეს სამართლებრივ ინსტანციაში ხმათა უპირატესობა და ძალთა ბალანსი კონსერვატორთა სასარგებლოდ შეიცვლება და 3 ხმის წინააღმდეგ, 6 ხმა შეიძლება აღმოჩდეს.