შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ქარიშხალმა იდამ ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსის დიდი ზიანი მიაყენა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის რაც ნიუ-ჯერსიში მოხდა უდიდესი კატასტროფაა.
ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს შტატზე, რომელიც ქარიშხლის და წყალდიდობის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაიტობორა ასობით სახლი, განადგურდა ინფრასტრუქტურა და დაიღუპა სულ ცოტა, 13 ადამიანი.
თეთრი სახლის ინფორმაციით, რამდენიმე საათში პრეზიდენტი ბაიდენი ნიუ-ჯერსიში და ნიუ-იორკში ჩავა, სადაც ის ადგილზე შეისწავლის არსებულ ვითარებას და გაეცნობა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს.
მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანება გამოცა, რომლის მიხედვითაც აღდგენითი სამუშაოებისთვის და ქარიშხლისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, დამატებითი თანხები გამოიყოფა ყველა იმ შტატისთვის რომელიც „იდამ“ დააზარალა.
ქარიშხალმა „იდამ“ გასულ კვირაში ამერიკის რამდენიმე შტატში გრიგალი და ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე რთული ვითარება სწორედ ნიუ-ჯერსიში და ნიუ-იორკში დაფიქსირდა, რასაც სულ ცოტა, 50 ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ამ დრომდე ნიუ-ჯერსიში კიდევ 4 ადამიანს ეძებენ. ნიუ-ჯერსის გუბერნატორი ფილიპ მერფი ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.