ოვალური კაბინეტის დაკავებიდან თითქმის 9 თვის თავზე, ამერიკელთა ნაწილი პრეზიდენტ ბაიდენის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.
ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, გამოკითხულ ამერიკელთა 49,2 პროცენტისთვის მიუღებელია ბაიდენის მმართველობის სტილი, 44,5%-თვის მისაღები.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის, რომლებმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინეს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი სავალდებულო ვაქცინაციის წარმატებულ სტრატეგიაზე საუბრობსივლისში, პრეზიდენტობიდან 6 თვის თავზე, ბაიდენი 9 პროცენტიანი უპირატესობით სარგებლობდა. მაგრამ, აგვისტოს გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა განწყობები თანაბარი იყო.
მას შემდეგ, პრეზიდენტის პოზიციები ამომრჩეველთა შორის შემცირდა. ანალიტიკოსები რამდენიმე შესაძლო მიზეზზე საუბრობენ.
შესაძლო ფაქტორებს შორის ისინი ასახელებენ, ავღანეთიდან, 20 წლიანი ომის დასრულების შემდეგ, ქაოტურ გამოსვლას. ასევე სახელდება ისეთი შიდა პოლიტიკური საკითხები, როგორიცაა აზრთასხვადასხვაობა დემოკრატებს შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ და ასევე, უთანხმოება პროგრესულ და ზომიერ დემოკრატებს შორის, სოციალური პაკეტის მოცულობის შესახებ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რეიტინგების ნეგატიური ცვლილება შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს პანდემიის მხრივ არსებულ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის თითქმის 70% ვაქცინირებულია, ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა. გარდა ამისა, ბაიდენი კომპანიებში, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სავალდებულო ვაქცინაციის წესი შემოღებას გეგმავს. ეს რეგულაცია საკამათოა ქვეყნის და ბიზნესის ნაწილში.
ასევე ნახეთ: ბაიდენი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მკვიდრი ამერიკელების დღეს აღნიშნავს„FiveThirtyEight“ - ის მონაცემებით, ბაიდენს მისი პრეზიდენტობის ამ ეტაპზე, 1945 წლის შემდეგ და ასევე, პრეზიდენტ ტრამპის შემდეგ, მოწონების ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.
„ეს მართლაც მძიმე პერიოდია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კვლავ ვებრძვით კოვიდ-19-ს და ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენც ვფიქრობდით, რომ ამას გავუმკლავდებოდით. ეჭვგარეშეა, რომ ეს გავლენას ახდენს ბევრ საკითხზე“ - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ საკი. მისი თქმით, ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ახლა პანდემიის კონტროლის ქვეშ მოქცევა და ცხოვრების ნორმალურ ვითარებაში დაბრუნებაა.