დემოკრატები კოვიდ-19-ის დახმარების პაკეტის რეკლამას გეგმავენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ქვეყნის წამყვანი დემოკრატები ამ კვირის განმავლობაში სხვადასხვა შტატში იმოგზაურებენ და რიგით ამერიკელებს შეხვდებიან. მათი სურვილია ამომრჩევლებს განუმარტონ, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი, მათ კოვიდ-19-ით მიყენებული ზიანის გამოსწორებაში დაეხმარება.

გასული კვირის ბოლოს, რესპუბლიკელთა ოპოზიციის მიუხედავად, კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა. პაკეტს რესპუბლიკელები მთელი ფრონტით ეწინააღმდეგებოდნენ, მთავრობის ხარჯების ზრდის გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტების გამო. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონპროექტს ხელი მოაწერა, ის კანონად იქცა და ძალაში შევიდა.

ასევე ნახეთ: პანდემიის წლისთავზე, ბაიდენი სამომავლო გეგმას აყალიბებს

ბაიდენი ამომრჩევლებს დღეს ჯერ თეთრი სახლიდან მიმართავს, შემდეგ კი პენსილვანიის შტატში გაემგზავრება და ფილადელფიის მოსახლეობას შეხვდება. მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი ნიუ-ჯერსიში გუბერნატორ ფილ მერფისთან ერთად, ადგილობრივ დამწყებ კლასებს ესტუმრება და პანდემიის შემდეგ, სკოლების გახსნაზე ისაუბრებს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამომრჩევლებს ლას-ვეგასში, კოვიდ-19-ზე ვაქცინაციისთვის გახსნილ ცენტრში შეხვდება.

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც კოვიდ-19-ის კრიზისის გამო დამტკიცდა, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის დახმარებაა. ის მხოლოდ დემოკრატთა ხმის უმრავლესობის ხარჯზე დამტკიცდა და პარტიაში მას ჯო ბაიდენის პირველ სერიოზულ საკანონმდებლო გამარჯვებად განიხილავენ. კოვიდ-19-ის გართულებებმა ქვეყანაში 535 000-მდე ამერიკელი იმსხვერპლა.

ასევე ნახეთ: პანდემიის წლისთავზე, ბაიდენი სამომავლო გეგმას აყალიბებს

თეთრი სახლის წამყვანი სახეების გარდა, დახმარების პაკეტის რეკლამის კამპანიაში დემოკრატიული პარტიის 400-მდე ადგილობრივი მმართველი, გუბერნატორი და ქალაქის მერი ჩაერთვება. ისინი ტელეეთერით ისაუბრებენ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს დახმარება მათთვის და მათი საზოგადოებისთვის.

დახმარების პაკეტი მოიცავს მილიონობით ოჯახზე თუ კერძო პირზე გაცემულ $1 400-მდე ერთჯერად ფულად დახმარებას. ის ასევე ითვალისწინებს მილიარდობით დოლარს ადგილობრივი მთავრობების, ბიზნესების, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახმარებლად, რომლებმაც პანდემიის დროს იზარალეს.