რუსეთი უკვე ერევა შეერთებულ შტატებში დანიშნულ მომავალი წლის შუალედურ არჩევნებში, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორატში სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლამდე, პრეზიდენტს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებმა ბრიფინგი ჩაუტარეს, რის შემდეგაც ბაიდენმა თქვა: „ნახეთ უკვე რას აკეთებს რუსეთი 2022 წლის არჩევნებთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით“.
მოსკოვის ეს მოქმედებები „ჩვენი სუვერენიტეტის მკაფიო დარღვევაა“, თქვა პრეზიდენტმა. მან დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.
ასევე ნახეთ: თავდაცვის მდივანი: ამერიკას ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობა სურსბაიდენის მხრიდან საჯარო კომენტარის გაკეთება რუსეთთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მან საიდუმლო ბრიფინგი მოისმინა, პოლიტიკურ და დაზვერვის წრეებში, სავარაუდოდ, შეშფოთებას გამოიწვევს.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ არ გამორიცხავს კიბერ-სივრცეში დაპირისპირების შედეგად სამხედრო ესკალაციას. მისი თქმით, ამის გამო „ამერიკა შეიძლება ნამდვილ ომში აღმოჩნდეს დიდ ძალასთან“.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ბაიდენმა კიდევ რამდენიმე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პუტინს აქვს „ბირთვული იარაღი, ნავთობის საბადოები და სხვა არაფერი“. ბაიდენის თქმით, რუსეთის ლიდერმა იცის, რომ მის ეკონომიკას რეალური პრობლემები აქვს, „რაც მას კიდევ უფრო საშიშს ხდის“.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკის დაზვერვის სამსახურები შეაქო და შეხვედრაზე დამსწრე 120 ადამიანს უთხრა, რომ პუტინმა „იცის, რომ თქვენ მის გუნდზე უკეთესები ხართ და ეს მას ძალიან აწუხებს“.