პირველი სექტემბერი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მთლიანად კომუნისტური რუსეთის გავლენის მყოფ სივრცეში, იმ იშვიათ დღეთა შორის იყო, როცა ადამიანების დიდ ნაწილს, ნამდვილი, გაუყალბებელი და ნაკლებად პოლიტიზებული საზეიმო განწყობა ეუფლებოდა. ზოგ სახელმწიფოში პირველი სექტემბერი დღესაც ახალი სასწავლო წლის დაწყების დროა და შესაბამისად, ახლაც საახალწლო ფუსფუსის და სიხარულის მსგავსი ემოციებით გამოირჩევა.
მაგრამ იყო სულ სხვა პირველი სექტემბერი, ზუსტად 16 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რამდენიმე წელში, როცა რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ სკოლაში, 186 ბავშვი და თითქმის ამდენივე ზრდასრული დაიღუპა. ეს მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და დიდი სისასტიკით გამორჩეული დღე იყო.
2004 წლის 1 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მდებარე ნომერ პირველ სკოლაში, ჩეჩენი მეომრების მეთაურებით, რამდენიმე ათეული შეიარაღებული ექსტრემისტი შეიჭრა. მათ მძევლად აიყვანეს სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტები ჩეჩნეთის ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვდნენ. მათ რუსეთის მთავრობას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, რომელშიც ბესლანელი მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ, ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდნენ.
თავიდან რუსეთის მთავრობა, რომელსაც მაშინაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ედგა სათავეში, მძევლების რაოდენობას მალავდა და ამბობდა, რომ მათი რიცხვი 350-ს არ აღემატებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მძევლად 1 227 ადამიანი იყო აყვანილი. მათი უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.
ძალიან მალე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ტერორისტები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. მათ 20-მდე კაცი, მილიციის და დაცვის თანამშრომლები მეორე დილითვე დახვრიტეს. საათი საათს ცვლიდა, სკოლის სპორტულ დარბაზში შეყრილი მძევლები კი ორ დღეზე მეტი ხნის მანძილზე, საშინელ პირობებში იტანჯებოდნენ. მათზე ძალადობდნენ, წყალზე და საკვებზე უარს ეუბნებოდნენ.
რუსეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებაზე ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი გააგზავნა. ეს კრემლის მხრიდან ერთგვარი ცინიზმის გამოხატულებაც იყო, რადგან ოსებს და ინგუშებს შორის მაშინ სერიოზული დაძაბულობა იყო. ერთადერთი, რაც აუშევმა შეძლო, იყო ის, რომ მძევლობიდან რამდენიმე მეძუძური დედა და ჩვილი ბავშვი გამოიხსნეს.
კრიზისი თითქმის 3 დღე გაგრძელდა. კრემლმა სკოლის შტურმით აღების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ასობით ბავშვის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავდა.
პრეზიდენტ პუტინისგან ეს მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა. ბესლანის მოვლენებამდე ორი წლით ადრე, დუბროვკის ტერორისტულ აქტშიც, რომელიც "ნორდ-ოსტის" სახელითაა ცნობილი, მოსკოვი ზუსტად ასევე მოიქცა. მაშინ, 2002 წლის 23 ოქტომბერს, ჩეჩნებმა მოსკოვში მდებარე დუბროვკის თეატრის შენობაში, მიუზიკლ "ნორდ-ოსტის" მაყურებლები აიყვანეს მძევლად. მესამე დღეს შენობა სპეცნაზმა შტურმით აიღო და ტერორისტები გაანადგურა, თუმცა მათთან ერთად, მძევლებიც დაიღუპნენ, სულ 200 ადამიანი გარდაიცვალა.
რუსეთის მთავრობის მიერ მედია მაშინ კიდევ უფრო მკაცრად კონტროლდებოდა. არ არსებობდა სოციალური ქსელები და ვიდეოგადაღების შესაძლებლობის მქონე მობილური ტელეფონები. ამიტომ დღემდე დანამდვილებით არავინ იცის, თუ რა მოხდა 3 სექტემბერს, სკოლის შენობის შტურმის დღეს. სპეცოპერაცია დღის 1 საათზე დაიწყო. თვითმხილველთა ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა ოპერაციაში შვეულმფრენები და ტანკებიც კი ჩართეს.
ბრძოლა თითქმის 10 საათი გაგრძელდა. სკოლის შტურმით აღებას 334 ადამიანი შეეწირა და ასობით დაიჭრა. აქედან 186 ბავშვი იყო. 37-ათასიან ქალაქში თითქმის არ დარჩა ოჯახი, რომელსაც ტრაგედია არ შეეხო. მსხვერპლი იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქგარეთ ახალი სასაფლაოს აშენება გადაწყდა.
ბესლანის ტრაგედიიდან 16 წლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახები საქმის ობიექტურად გამოძიებას ისევ ითხოვენ. მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა მიღებული სკოლის საბრძოლო ოპერაციის მსგავსი შტურმით აღების გადაწყვეტილება, მაშინ როცა იქ ასობით მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ტერორისტები ადგილზე გაანადგურეს, ერთის გარდა. ესაა ხარაზი ნურფაშ კულაევი, რომელსაც 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მომხდართან დაკავშირებით, ევროსასამართლომ 2004 წელს დაადგინა, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო ტერაქტის აღკვეთის დროს რისკების მინიმუმამდე შემცირება და მძევალთა ნაწილი დაიღუპა უსაფრთხოების სამსახურების შეუსაბამო ქმედებების შედეგად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაღუპულთა ოჯახებისთვის 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. კრემლს დამატებით 88 000 ევრო სამართლებრივი ხარჯების ასანაზღაურებლად დაუწესდა.