ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს (B.1.1.529), ომიკრონი დაარქვა. გაეროს ჯანდაცვის წამყვანმა უწყებამ მას "შეშფოთების ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა.
დელტა ვარიანტის შემდეგ, ეს ჯანმოს მიერ "შეშფოთების ვარიანტის" კლასიფიკაციის მიცემის პირველი შემთხვევაა. ამ ჯგუფში აქამდე სულ 4 ვარიანტი იყო: ალფა (B.1.1.7), ბეტა (B.1.351), გამა (P.1) და დელტა (B.1.617.2).
ასევე ნახეთ: ბრიტანეთმა აფრიკის ექვსი ქვეყნიდან ფრენები აკრძალა, მიზეზი კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტიაჯანდაცვის სპეციალისტები ახალი ვარიანტის შესაძლო გავრცელების უნარით შეშფოთებულები არიან, რადგან ის მუტაციების უჩვეულო კრებულით გამოირჩევა. "წინასწარი მტკიცებულებების მიხედვით, ამ ვარიანტს სხვებთან შედარებით, რეინფექციის გაზრდილი რისკი აქვს" - აცხადებს ჯანმო.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მას ადამიანის იმუნიტეტისგან და ვაქცინებისგან თავის დაღწევის მეტი შანსიც ჰქონდეს. თუმცა, ჯერჯერობით, დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კვირები დასჭირდება ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, დიაგნოსტიკის, თერაპიის და ვაქცინების ზემოქმედების შესასწავლად. სამხრეთ აფრიკის მონაცემებით, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა პროვინციაში იზრდება.
ასევე ნახეთ: ახალი ვარიანტი - დაბნეულობა, შიში და ნაჩქარევი ზომებიპარალელურად, დღესვე, ომიკრონის პირველი შემთხვევა ევროპაში, ბელგიაში აღმოაჩინეს. პრესკონფერენციაზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინფიცირებული პირი კოვიდ-19-ზე აუცრელი იყო. მას ჯერ სიმპტომები განუვითარდა, დიაგნოზი კი 22 ნოემბერს აქვს დასმული.
ორშაბათიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, თეთრი სახლი გეგმავს, სამხრეთ აფრიკიდან და კონტინენტის 7 სხვა ქვეყნიდან შემოსვლა შეზღუდოს. მოგზაურობის აკრძალვა არ შეეხება ამერიკის მოქალაქეებს და ლეგალურ რეზიდენტებს. თუმცა, მათ შემოსვლისას ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.