ალექსანდრე ლუკაშენკო პრო-დემოკრატიული აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო უფლებადამცველი ჯგუფების წინააღმდეგ რეპრესიებს აგრძელებს. ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკში კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა.
ამ ორგანიზაციების დახურვით, არასამთავრობო ორგანიზაციების მთლიანი რიცხვი, რომელიც ივლისის შუა რიცხვებიდან სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე დახურეს, სულ ცოტა 65-მდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ: "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტები 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ ბელარუსის საპატიმროდან გაათავისუფლეს
3 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ოთხ ახლად ლიკვიდირებულ ჯგუფში შედიან: “ჰუმან კონსტანტა ადამიანის უფლებების ცენტრი”, “ქალთა უფლებების დაწინაურების ცენტრი”, “შშმ პირების უფლებების ოფისი” და “იურიდიული გარდაქმნის ცენტრი”.
განცხადებაში ამ ჯგუფების დახურვის საფუძვლად დასახელდა საქმიანობა, რომელიც მათი ქარტიებისგან “განსხვავებული” იყო.
მათ დაბრალდა ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც “მიმართული იყო საზოგადოებაში მავნე იდეების დათესვისკენ, მოუწოდებდა ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის მიმართვისკენ და მხარს უჭერდა სხვა ძალისხმევას, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანს აყენებდა”.
შშმ პირების უფლებების ოფისის ორი ლიდერი, სერჰი დრაძუსკი და ალეჰ ჰრაბლეუსკი, თებერვლის დასაწყისში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს და გამოძიების პერიოდში მინსკის დატოვება აუკრძალეს.
სასამართლო გარჩევების გზით, კიდევ 20 არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვაა მოსალოდნელი.