კვირას, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული ტაქტიკური რაკეტები „ისკანდერი“ და ანტი საჰაერო დაცვის „ს-400“ სისტემები თავისი ამოცანების შესასრულებლად სრულ მზადყოფნაშია.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს იდეოლოგიის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლეონიდ კასინსკიმ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა: „ჩვენმა სამხედროებმა, ქვედანაყოფებმა, რუსეთის ფედერაციის და რესპუბლიკა ბალარუსის ერთობლივ საბრძოლო საწვრთნელ ცენტრებში წვრთნა სრულად დაასრულეს. იარაღის ეს ტიპი („ისკანდერი“ და „ს-400 სისტემები) დღეს საბრძოლო მორიგეობაზეა და მათთვის განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სრულ მზადყოფნაშია".
ასევე ნახეთ: რა მდგომარეობაშია რუსეთის სარაკეტო არსენალი?ნათელი არ არის, თუ ბირთვული ქობინების გადატანის შესაძლებლობის მზონე რამდენი “ისკანდერი“ განალაგეს ბელარუსში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ივნისში თქვა, რომ მოსკოვი მინსკს ამ იარაღს და ანტი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიდა.
ეს სიახლე ვრცელდება იმ დროს, როდესაც მოსკოვი მინსკზე წნეხს აძლიერებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.
„ისკანდერი-მ“ მობილური ფრთოსანი სარაკეტო სისტემაა (ნატოს კოდური სახელით SS26 Stone). მისი ორი ფრთოსანი რაკეტის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრამდეა და ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. მოქმედების ეს რადიუსი ბელარუსის მეზობლების, უკრაინის და ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეს ფარავს.
კასინსკიმ ასევე თქვა, რომ ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები „სპეციალური საავიაციო შეიარაღების“ გადასატანად გადააკეთეს.
ასევე ნახეთ: რუსეთის ჯარს შესაძლოა ჰიპერბგერითი რაკეტები დაემატოს