ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს და ამერიკის მთავრობას პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ციხანუსკაია ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
"მე მათ ბელარუსის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერისკენ მოვუწოდე. მოვუწოდე ამერიკას გააძლიეროს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რეჟიმის ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხი, რუსეთმა კი ითამაშოს კონსტრუქციული როლი კრიზისის გადაწყვეტაში", - დაწერა ციხანოუსკაიამ "ტვიტერზე" შეხვედრების შემდეგ. მისივე თქმით, სუაბარი იყო იმ გზებზეც, როგორც შეიძლება ბელარუსში დამოუკიდებელი მედიის და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას აგრძელებს.
ციხანუსკაია 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი იყო. მან კენჭი მისი დაპატიმრებული მეუღლის, სერჰი ციხანუსკის ნაცვლად იყარა. არჩევნების შემდეგ ციხანოუსკაია იძულებული გახდა შვილებთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ განხილული იყო ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან მიმდინარე რეპრესიები და ის ნაბიჯები, რომლებიც ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოების შეხედულებით, ლუკაშენკომ უნდა გადადგას. ენტონი ბლინკენის "ტვიტერის" გვერდზე დაიწერა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ბელარუსში კრიზისის დასრულების გზები, რომლის შედეგადაც უნდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, იყოს დიალოგი ყველა მხარის ჩართულობით და ჩატარდეს ახალი არჩევნები.