საქართველოს მეორე შანსი სიდნეიში, ATP თასზე

საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ნაკრები სიდნეიში: მარცხნიდან ალექსანდრე ბაქში, დავით კვერნაძე (კაპიტანი), ზურაბ ტყემალაძე, საბა ფურცელაძე, სანდრო მეტრეველი და ნიკა ბასილაშვილი

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები, ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი რეიტინგის წყალობით, მეორედ გამოვა ATP Cup-ზე. ეს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გუნდური ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდი, წელს 10 მილიონი დოლარია. ATP თასი სტარტს 1 იანვარს, ტრადიციულად, ავსტრალიაში აიღებს.

საქართველო D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 1 იანვარს - არგენტინას, 3 იანვარს - პოლონეთს და 5 იანვარს - საბერძნეთს დაუპირისპირდება. ყველა ეს შეხვედრა სიდნეიში გაიმართება.

საქართველოს ლიდერი - ნიკა ბასილაშვილი 2020 წლის ATP თასზე

არგენტინასთან მატჩი, Sydney Qudos Bank არენის კორტზე, 1 იანვარს, თბილისის დროით, ღამის 3 საათზე დაიწყება. საქართველოს მეორე ნომერი, 28 წლის ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც მსოფლიოს 569 ჩოგანია, ფედერიკო დელბონისს შეხვდება.

გამთენიისას, 4 საათსა და 30 წუთზე, იმავე კორტზე, საქართველოს ლიდერი 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 22 ადგილი უკავია, არგენტინელთა პირველ ნომერთან დიეგო შვარცმანთან გაარკვევს ურთიერთობას.

„საქართველოს ღირსების დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგ ფორმაში ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველოდები შვარცმანთან შეხვედრას“
ნიკოლოზ ბასილაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი


„საქართველოს ღირსების დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგ ფორმაში ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველოდები შვარცმანთან შეხვედრას“ - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ავსტრალიაში 28 დეკემბერს ჩავიდა.

„ჩემთვის და მთელი ნაკრებისთვის ეს თასი განსაკუთრებულია. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ტურნირია, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს პირველ ნომერს ნიკა ბასილაშვილს. ორი წლის წინ აქ პირველად ვითამაშეთ და ეს იყო წარმოუდგენელი ატმოსფერო და არაჩვეულებრივი გამოცდილება“ - აღნიშნა ალექსანდრე მეტრეველმა.

ალექსანდრე მეტრეველი 2020 წლის ATP თასზე

ბასილაშვილისა და მეტრეველის გარდა, ეროვნულ ნაკრების ღირსებას ასევე იცავენ მსოფლიოს 850 ჩოგანი, 24 წლის ალექსანდრე ბაქში, 21 წლის ზურაბ ტყემალაძე (1314) და 20 წლის საბა ფურცელაძე (1115), რომლებიც მსოფლიოს რეიტინგში ათასეულს მიღმა არიან.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ 1 იანვარს წყვილთა მატჩში, ბაქში-მეტრეველის დუეტი, არგენტინელების მასიმო გონზალესისა და ანდრეს მოლტენის დუეტს დაუპირისპირდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, წინა შეხვერებიდან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა დავით კვერნაძემ წყვილთა შემადგენლობა შეცვალოს.

„ნაკრების მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრებისთვის, ნამდვილი სასწაულია, რომ აქ ვართ. ეს შესაძლებლობა, რომ კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს ძალიან მაგარია, მათ წინააღმდეგ თამაში კი დიდი პატივი“
ალექსანდრე ბაქში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩოგბურთელი


„ნაკრების მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრებისთვის, ნამდვილი სასწაულია, რომ აქ ვართ“ - ამბობს ალექსანდრე ბაქში. მისი თქმით, „ეს შესაძლებლობა, რომ კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს, ძალიან მაგარია, მათ წინააღმდეგ თამაში კი დიდი პატივი“.

ATP CUP 2022-ზე მსოფლიოს 16 საჩოგბურთო ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული. ნახევარფინალში მხოლოდ ჯგუფში გამარჯვებულები გადიან, ფინალი სიდნეიში 9 იანვარს არის დანიშნული.

საქართველოს ნაკრების დებიუტანტი საბა ფურცელაძე ავსტრალიის ლიდერ ნიკ კირიოსთან ერთად სიდნეიში

კორონავირუსმა და პანდემიასთან დაკავშირებულმა მკაცრმა რეგულაციებმა 2022 წლის თასის გათამაშებაში მნიშვნელოვანი კორექტივები უკვე შეიტანა. ტურნირიდან თავიდან ტრავმის გამო როჯერ ფედერერი და შვეიცარიის ნაკრები მოიხნსა, ბოლო მომენტში მოიხსნა ავსტრიაც და მათ საფრანგეთი ჩაანაცვლებს.

სიდნეიში სხვადასხვა მიზეზით არ ჩავიდა მსოფლიო ჩოგბურთის რამდენიმე ლიდერი (ნადალი, მოლფისი, ტიმი, რუბლევი), მათ შორის მსოფლიო რეტინგის პირველი ნომერი, სერბი ვარსკვლავი ნოვაკ ჯოკოვიჩიც. "ნოლე" ცნობილი ანტივაქსერია, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე კი ავსტრალია უცხოეთის მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებს.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი არ აიცრა და სიდნეიში ვერ ჩავიდა

საქართველო პირველად ATP თასზე, 2020 წელს წარსდგა, მაშინაც ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი რეიტინგის წყალობით. ქართველებმა სადებიუტო ტურნირზე სამი მატჩიდან ერთი მოიგეს, ურუგვაისთან 2-1 და ორი წააგეს: იაპონიასთან 1-2 და ესპანეთთან 0-3.

2020 წელს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) თასზე 24-მა ქვეყანამ იასპარეზა და გამარჯვებული სერბეთი გახდა. 2021 წელს, კოვიდპანდემიის გამო ტურნირზე სულ 12 ქვეყანა გამოვიდა და თასი რუსეთს დარჩა.

ATP Cup 2022-ის მონაწილე ქვეყნები