ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბასილაშვილმა ნავსი გატეხა: რუსს სძლია და პირველად კარიერაში მასტერსის მეოთხედფინალშია!


ბასილაშვილმა "ინდიან ველსის" მასტერსის მერვედფინალში რუს ხაჩანოვს ორ სეტში აჯობა
ბასილაშვილმა "ინდიან ველსის" მასტერსის მერვედფინალში რუს ხაჩანოვს ორ სეტში აჯობა

საქართველოს საუკეთესო ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 36 ადგილს იკავებს, პირველად კარიერაში ATP Tour Masters 1000-ის მეოთხედფინალში გავიდა.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კალიფორნიაში, ინდიან ველსის მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდიც 9 146 125 აშშ დოლარია, მერვედფინალიდან, ორ სეტში, რუსი კარენ ხაჩანოვი გამოთიშა.

ბასილაშვილმა ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა პირველ სეტში, რომელიც საკმაოდ ადვილად მოიგო 6:4; ქართველი ძალიან აქტიური იყო მეორე სეტშიც, თუმცა ხაჩანოვმა ბოლოსკენ გაიბრძოლა და ბასილაშვილის მოწოდებაზე 5:4-დან, შეხვედრის ტაი-ბრეიკზე გადაყვანა მოახერხა.

ქართულ-რუსული დაპირისპირების ეს მონაკვეთი უაღრესად დაძაბული გამოდგა, ხაჩანოვი მუდმივად კამათობდა არბიტრთან და კორტიდან ბასილაშვილის ემოციური გულშემატკივარიც კი გააძევებინა

ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკიც კარგად დაიწყო, ჯერ 3:0, შემდეგ კი 6:2 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ყველა ფანს ნერვები ისევ დააგლიჯა. ქართველმა ზედიზედ ოთხი მატჩ-პოინტი გაფლანდა და ხაჩანოვს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა 6:6.

საბოლოოდ, ნიკამ ძალები მაინც მოიკრიფა და რუსი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 29 ადგილზეა, ორ სეტში 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 175 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა ATP Tour Masters 1000-ზე აქამდე მხოლოდ მერვედფინალი იყო. 2017 წელს, ნიკას ცინცინატის მასტერსზე, მეოთხედფინალისკენ გზა ამერიკელმა ჯარედ დონალდსონმა გადაუკეტა.

2019 წელს რომის, კანადის და შანხაის მასტერსებზე, ბასილამ მერვედფინალები, შესაბამისად, ესპანელ რაფა ნადალთან, გერმანელ ალექსანდრე ზვერევთან და ავსტრიელ დომინიკ ტიმთან წააგო. 2021 წელს, ტორონტოს მასტერსის მერვედფინალში კი ბასილა პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან სამ სეტში დამარცხდა.

და, აი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდიან ველსის მასტერსზე, რომელიც 1974 წლიდან იმართება, ქართველმა ჩოგბურთელმა როგორც იქნა ნავსი გატეხა და მეითხედფინალშია!

ბასილაშვილმა ინდიან ველსის პირველ რაუნდში ამერიკელ კრისტოფერ ეუბენქსს ორ სეტში სძლია 6:4, 6:3, მეთექვსმეტედფინალში ძალიან დაძაბულ მატჩში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლას სამ სეტში აჯობა 4:6, 7:6 (7:2), 6:2, ეს შეხვედრა 2 საათი და 25 წუთი გაგრძელდა. მერვედფინალში კი რუსი კარენ ხაჩენოვს უკვე საათსა და 57 წუთში მოუგო.

ბასილას ხაჩანოვის დასამარცხებლად დიდი ენერგია დასჭირდა
ბასილას ხაჩანოვის დასამარცხებლად დიდი ენერგია დასჭირდა

ინდიან ველსის მასტერსის მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა, ქართველი ბერძენ სტეფანოს ციციპასსა და ავსტრალიელ ალექს დე მინორს შორის გამარჯვებულს ელოდება.

29 წლის ბასილაშვილს კარიერის მანძილზე მხოლოდ ATP ტურის 500 და 250-იანი სერიები აქვს მოგებული: 2018 წელს, ბასილამ ჰამბურგის და ჩინეთის ღია პირველობებზე იმარჯვა, 2019 წელს, ისევ ჰამბურგის ტურნირი მოიგო და 2021 წელს, ყატარის და მიუნხენის ტურნირებზე იყო პირველი. კარიერის მანძილზე ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე 7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG