ბანგლადეშის ახალი, დროებითი მთავრობა ხუთშაბათს ფიცს დადებს და გადაყენებული პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გუნდს ჩაანაცვლებს. დროებით მთავრობას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს.
84 წლის მუჰამედ იუნუსი ახალი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად პრეზიდენტმა მუჰამედ შაჰაბუდდინმა შეარჩია. ჰასინას ინდოეთში გაქცევა სტუდენტურმა პროტესტმა აიძულა, რომლის მთავრი მოთხოვნაც სწორედ დროებითი მთავრობის შექმნა იყო.
„მოდით, საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი ახალი გამარჯვება“, - თქვა მან პარიზში გამგზავრებამდე, სადაც ის სამედიცინო მკურნალობას გადიოდა. “მივმართავ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ყველა სახის ძალადობისგან", განაცხადა იუნუსმა, ეკონომისტმა, რომელსაც 2006 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბანკის დაარსებისთვის, რომელიც პიონერი იყო მცირე სესხების გაცემით სიღარიბესთან ბრძოლაში.
პრეზიდენტმა შაჰაბუდინმა თქვა, რომ დროებითი მთავრობამ უნდა დაძლიოს კრიზისი და გზა გაუხსნას არჩევნებს.
იუნუსის ქვეყანაში ჩასვლამდე სასამართლომ გააუქმა მისი ნასამართლობა, იანვარში მას ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იუნუსმა საქმეს "პოლიტიკური" უწოდა.
ჰასინას გადადგომამ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღფრთოვანება გამოიწვია. მოქალაქეთა ნაწილი მის ოფიციალური რეზიდენციაშიც შეიჭრა მას შემდეგ, რაც ის გაიქცა. ამით დასრულდა მისი 15-წლიანი მმართველობა. ჰასინა, სახელმწიფოს დამფუძნებლის, მუჯიბურ რაჰმანის ქალიშვილია, რომელიც მამისა და ოჯახის წევრების მკვლელობას 1975 წელს გადაურჩა. ბოლო 30 წლიდან 20 წლის განმავლობაში ბანგლადეშს ის მართავდა. საზოგადოების აღშფოთება ჰასინას წინააღმდეგ ნაწილობრივ ეკონომიკურ სიდუხჭირეს მოჰყვა.
პროტესტი, რომელმაც ჰასინა ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან განდევნა, საჯარო სექტორის სამუშაო კვოტებთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას მოჰყვა. კვოტები 1971 წლის ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხებოდა და კრიტიკოსების აზრით, მხოლოდ ხელისუფლების მოკავშირეებისთვის სამუშაო ადგილების დაჯავშნის მცდელობა იყო.