ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაბალანსება

ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაბალანსება

მშვიდობის ინსტიტუტის ახლახან გამოქვეყნებული კვლევა მოუწოდებს ამერიკის მთავრობას უფრო მეტი ძალ-ღონე იხმაროს ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიული განვითარებისთვის.

შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის დაფინანსებული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მოხსენება შეერთებულ შტატებს მოუწოდებს უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს ახლო აღმოსავლეთში მოკავშირე სახელმწიფოებზე რათა მათ უფრო დემოკრატიული საზოგადოებების შესაქმნელად გადადგან ნაბიჯები. შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია, რომ დემოკრატიული რეფორმების ჩატარება ახლო აღმოსავლეთში ხელს შეუწყობს ამერიკის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში და იმავდროულად განამტკიცებს ამ სახელმწიფოთა მთავრობების მდგომარეობას მათ მოსახლეობასთან მიმართებაში.

მშვიდობის ინსტიტუტის მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ხშირად უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებს საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებს ვიდრე დემოკრატიის განვითარებას ახლო აღმოსავლეთში.

მშვიდობის ინსტიტუტის მუსლიმანური სამყაროს ინიციატივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ხსენებული მოხსენების ავტორი დენიელ ბრუმბერგი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. მისი თქმით:

„ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში პრობლემა ის გახლავთ, რომ ის მმართველი რეჟიმები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, თავიანთ მოსახლეობაში სულ უფრო ნაკლები ლეგიტიმურობით სარგებლობენ. ხალხი მათ რეპრესიებში ადანაშაულებს და ისინი საზოგადოებისგან გათიშულები არიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი ლეგიტიმურობა უფრო მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობის განვითარებისთვის ვიდრე ლეგიტიმურობის ნაკლებობა. მოსახლეობის ინტერესების წარმოჩენა, უფრო ეფექტური სახელმწიფო მართვა და დემოკრატია ამ რეჟიმებს იმ ლეგიტიმურობას მისცემს, რომელიც საჭიროა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებისთვის.“

მშვიდობის ინსტიტუტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თუ მდგომარეობა არაბულ სამყაროში უცვლელი დარჩება, მას მხოლოდ კოსმეტიკური ცვილელები მოჰყვება და შედეგად რეგიონის ავტორიტარული მმართველები ნამდვილ დემოკრატიულ რეფორმებს თავიდან აიცილებენ.

დანიელ ბრუმბერგის თქმით, შედეგად შეერთებული შტატები გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს:

„ეს რეჟიმები შეერთებულ შტატებს მოუბრუნდებიან და ეტყვიან: ‘ჩვენს ერთადერთ ალტერნატივას ისლამისტები წარმოადგენენ, ამდენად თქვენ მხარი უნდა დაგვიჭიროთ.’ მაგრამ ამგვარი დინამიკა, როცა არჩევანი მხოლოდ მმართველ რეჟიმებსა და მათ ოპოზიციას შორის არსებობს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც უნდა შეიცვალოს. ამდენად ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ ამგვარი პოლიტიკური რეფორმების მხარდასაჭერად.“

მშვიდობის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორი და სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული დემოკრატიის, განვითარებისა და სამართლის ცენტრის დირექტორი ლერი დაიმონდი აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიური ზომები უნდა მიიღოს ახლო აღმოსავლეთში ნამდვილი დემოკრატიის დასამყარებლად. ბატონი დაიმონდი დასძენს:

„მე ვფიქრობ, რომ არაბი ლიდერების უმეტესობა იმდენად კორუმპირებულია, რომ მათ დამაჯერებელი და რაციონალური არგუმენტები უბრალოდ არ ესმით. რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ ამ რეჟიმების რეფორმისტულ და პრაგმატულ ელემენტებთან. მაგრამ ჩემი აზრით ყოველივე ეს ძალაუფლებას უკავშირდება და ჩვენ გაგვაჩნია გავლენის ბერკეტები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ადეკვატურად არ გამოგვიყენებია სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.“

შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები იძულებულია ითანამშრომლოს დიპლომატიურ, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, იორდანიასა და პაკისტანთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ვაშინგტონმა უფრო აგრესიულად უნდა დაუჭიროს მხარი დემოკრატიის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთში.