აუტიზმის მკურნალობის წარმატებული შემთხვევა

ექიმები ოჯახებს საზოგადოებაში მაქსიმალურ ინტეგრაციას ურჩევენ
კევინს საკუთარ ბინაში ცხოვრება ძალიან მოსწონს: „არაჩველებრივი გრძნობაა დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი რომ გაქვს,“ - ამბობს ის.

ექიმები თვლიან, რომ აუტიზმით დაავადებულისთვის ეს იშვიათი წარმატებაა, რადგან მათ უმრავლესობას ნევროლოგიური ფუნქციის მოშლის გამო არაადეკვატური ქცევა და კომუნიკაციის უნარის დარღვევა ახასიათებს. განსაკუთრებით მძიმე ფორმით დაავადებულებს ეს ყოველივე დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარს უზღუდავს.

თუმცა, კევინი ყოველ დილით ჩვეულებრივად დგება, იცმევს, იმზადებს საუზმეს და მიდის იურიდიულ ფირმაში, სადაც ის მუშაობს.

„კლერკი ვარ, საბუთებს ვახარისხებ და თაროზე ნომრების მიხედვით ვაწყობ,“ - ყვება კევინი თავისი სამსახურის შესახებ.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: აუტიზმის მკურნალობის წარმატებული შემთხვევა



მარტინ გისლერი, კომპანიის დამაარსებელი მისი უფროსია და ამბობს, რომ კევინი ყველაზე პუნქტუალური და მოწესრიგებული თანამშრომელია. თან საკუთარ საქმეს დიდი ღირსებით და პატივისცემით ეპყრობა.

„ისეთ ადამიანს ვეძებდით, ვინც ფირმაში დიდხანს დარჩებოდა და 6 თვეში ახალი სამუშაოს ძებნას არ დაიწყებდა. პირველ 24 საათში 130 განცხადება მივიღეთ. კევინი ავარჩიეთ და ძალიან გაგვიმართლა. ის დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ორგანიზატორული ნიჭითაც არის დაჯილლოვებული. დავალებებს ყოველთვის გულდასმით და მონდომებით ასრულებს,“ - აღნიშნავს კევინის ხელმძღვანელი.

უნარშეზღუდულთა უმეტესობას დასაქმების დიდი პრობლემა აქვს. ამისათვის ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური სამსახურები მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და სამსახურის მოძებნაშიც ეხმარება.

ლორენ გოლდსმიტი კევინს აუცილებელი ჩვევების გამომუშავებაში დიდ დახმარებას უწევს. ის ადგილობრივ დასაქმების ორგანიზაცია „სერვის-სორსთან“ თანამშრომლობს. ლორენს ვაკანსიების შესწავლა და შესაბამისი მუშახელის მოძებნა ევალება. მისი თქმით, წარმატებისთვის ჯერ სამსახურის მსურველთა გაცნობაა აუცილებელი:

„შემდეგ სიტუაციას ვაფასებთ და მათ რამდენიმე ვაკანსიას ვურჩევთ, რომელსაც უნდა მიმართონ. ვცდილობთ, მაქსიმალურად ისეთი სამსახური შევურჩიოთ, რომელიც მათ ურჩევნიათ. ხშირად ვაწყობთ სპეციალურ დასაქმების ფორუმებს, სადაც დამქირავებლები და უმუშევრები ერთად იყრიან თავს. იქვე ხდება გასაუბრებაც და ზოგჯერ სამუშაოზე აყვანაც კი. კევინი გასაუბრებისთვის კარგად მოვამზადეთ, ვასწავლეთ, თუ როგორ დაეჭირა თავი, როგორ დაემყარებინა კონტაქტი მოსაუბრესთან.“

კევნის დედა, მარი ლუი ნუგეტი ამბობს, რომ ბავშვს სკოლაში დიდი დახმარება აღმოუჩინეს. ის სპეციალურ პროგრამაში ჩასვეს, რომელიც მეტყველების კორექციას, ფიზიკურ თერაპიას და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებას მოიცავდა.

„მაღალ კლასებშიც ძალიან მნიშვნელოვან პროგრამაში მოხვდა. სკოლის თანამშრომლები კარდაკარ დადიოდნენ და მისთვის შესაფერის სამსახურს ეძებდნენ. თუკი რამე გამოჩნდებოდა, სკოლა უნარშეზღუდული ბავშვებისთვის ტრანსპორტსაც უზრუნველყოფდა. თავიდან კვირაში მხოლოდ 2 საათი მუშაობდა, შემდეგ კი ეს დრო თანდათან გაიზარდა. ახლა მას „სერვის-სორსი“ ეხმარება და ის მთელ განაკვეთზეა დასაქმებული,“ - ამბობს კევინის დედა.

მამა, ფრედ გიბსონი შვილით სამართლიანად ამაყობს და ამბობს, რომ კევინი ძალიან ჭკვიანია და აუტიზმი სრულებით არ ნიშნავს, რომ ადამიანი გონებრივად არასრულფასოვანია. მათ ერთნაირი ჰობი აქვთ და ერთნაირად ცნობისმოყვარეები არიან. ორივენი თვითმფრინავებით არიან გატაცებული და საფრენი სპორტული კლუბის დაარსებაზე ოცნებობენ.

„პენსიაზე რომ გავალ, ტეხასში გადავალ და ფრენის მოყვარულებისთვის მაღაზიას გავხსნი,“ - ამბობს კევინი.

დროული დიაგნოზის, წარმატებული მკურნალობის, აუტიზმისადმი საზოგადოების სწორი დამოკიდებულების და ბევრი კეთილი ადამიანის წყალობით მისი ოცნების ასრულება არცთუ ისე წარმოუდგენელია.