ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გულის დაავადებათა დამატებითი მიზეზები


2020 წლისთვის მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდება

აქამდე ცნობილი ტუბერკულოზის, შიდსის და სხვა ქრონიკული დაავადებების გარდა, გულსისხლძარღვთა დაავადებების რაოდენობის ზრდას სხვა დანარჩენ მიზეზებთან ერთად შესაძლოა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციებიც იწვევდეს - ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში. ორგანიზაციის მონაცემებით, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების ზრდა განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში აღინიშნება და მათთან ბრძოლა პრევენციის და კონტროლის გზით მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტადაა მიჩნეული.

2020 წლისთვის გულსისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდება, ამბობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები. მათი აზრით, შემაშფოთებელ ზრდას პრევენტიულ რისკ-ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ჭარბი წონა, მაღალი წნევა, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, ინფექციური დაავადებებიც იწვევს.

„მათ შორისაა ტუბერკულოზიც, რომელიც, როგორც ირკვევა, გულის დაავადების საყურადღებო გამომწვევია“ - ამბობს ექიმი პიტერ ჰოტეზი, საბინის ვაქცინების ინსტიტუტის დირექტორი და ჰიუსტონის ეროვნული ინსტიტუტის ტროპიკული მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. მისი თქმით, პარაზიტული ინფექციები, სტრეპტოკოკული ინფექციები, სიფილისი და მრავალი სხვა, გულის დაავადებათა გამოწვევაში დიდ როლს თამაშობს.

„სპეციფიური ინფექციები, რომლებიც გულსისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს, სხვადასხვა განვითარებად ქვეყანაში ერთმანეთისგან განსხვავდება. მათი უმრავლესობა აქამდე უყურადღებოდ რჩებოდა. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში გავრცელებული „ჩაგა“ იქ გულის დაავადებების მნიშვნელოვანი გამომწვევია. მიზეზი კი ის პარაზიტია, რომელიც გულში სახლდება. ჩაგას დაავადების განკურნვისთვის ეფექტური საშუალებები მედიცინამ ჯერ არ იცის“ - აღნიშნავს პროფესორი ჰოტეზი.

ერიკ ესომი, ანაკორის ფარმაკოლოგიური კომპანიიდან ამბობს, რომ მკურნალობის მეთოდიკა, რომელიც ანალოგიური დაავადებებისთვისაა შემუშავებული, დღეისათვის მოძველებული და უშედეგოა:

„არსებობს მედიკამენტები, მაგრამ ისინი სულ ცოტა ოცი წლის წინ არის გამოსული. ხშირ შემთხვევაში ინფექცია ამ მოძველებული და ძალზე ტოქსიკური პრეპარატების მიმართ უკვე რეზისტენტულია და ამიტომ მათი ეფექტურობა მინიმუმზეა დასული“.

ბატონი ესომის თქმით, გულსისხლძარღვთა რთულ დაავადებებთან ინფექციური დაავადებების კავშირი უკვე დადასტურებულია. თუმცა, დიდი ზომის ფარმაკო-კომპანიები მსგავსი ქრონიკული დაავადების გამომწვევ ინფექციებზე მუშაობით ჯერჯერობით მაინც არ ინტერესდებიან.

დონ ჯოზეფი ორგანიზაციას „ბიო-წამოწყებები გლობალური ჯანმრთელობისთვის“ - ხელმძღვანელობს. კომპანია ახალი წამლების, ვაქცინების და ტროპიკული დაავადებების დიაგნოსტიკურ საშუალებებზე მუშაობს. დონ ჯოზეფიც მიიჩნევს, რომ ტროპიკულ ინფექციურ დაავადებათა კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულსისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვლილ ადამიანთა საერთო რაოდენობის შემცირებაში. დღეს არსებული მედიკამენტებით კი ეს ელემენტარულად - შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG