უკრაინაში 27 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსეთი ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანას აქტიურად უტევს. შავ ზღვაზე კი შტორმი მძივნვარებს და ქვეყნის ნაწილში ამ ციკლონის გამო ძლიერ ქართან და თოვლთან გამკლავებას ცდილობენ.
კვირას უკრაინის საჰაერო ძალებმა სარაკეტო იერიშის საფრთხის თაობაზე განაცხადა. ეს კურსკის რეგიონის სამხრეთით, მოზდოკის აეროდრომიდან მიგ-31 საბრძოლო თვითმფრინავების აფრენას უკავშირდებოდა. აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან 55 კილომეტრითაა დაშორებული.
მოსახლეობას განგაშის დროს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. წინა ღამით კი რუსეთმა ხერსონისა და დნიპროს რეგიონები დაბომბა. რეგიონული გუბერნატორის ცნობით, ხერსონი გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 56-ჯერ დაბომბეს. დნიპროში კი სამიზნე ქალაქი ნიკოპოლი და მისი შემოგარენი იყო. გუბერნატორ სერჰი ლისაკის ცნობით, მძიმე საარტილერიო იერიში იყო ქალაქ მარჰანეცის მიმართულებითაც, თუმცა დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ: ყირიმსა და რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს შტორმი უტევსრუსეთის ამ იერიშებს ემატება უამინდობაც. ქვეყნის არაერთ ნაწილში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება, გადაკეტილია გზები, შეფერხებულია გადააადგილება.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დედაქალაქის სოფიას მოედანზე საშობაო ხე მაინც დაიდგმება. თუმცა არც შობას და არც ახალ წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო საზეიმო ღონისძიებები და ბაზრობები არ გაიმართება.
რაც შეეხება ფრონტის ხაზს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმაბლობაში 63 შეტაკება მოხდა. უმძიმესი ბრძოლა კი კვლავ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში - ხარკივსა და დონეცკშია. ინდუსტრიული ქალაქი ავდიივკა კი დონეცკის რეგიონში კვლავ მოსკოვის იერიშების ცენტრშია.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 27 ნოემბრის საინფორმაციო ბიულეტენში ნათქვამი იყო, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში რუსეთმა სწორედ ავდიივკაზე იერიშებისას დაკარგა ყველაზე მეტი ჯარისკაცი.