ავსტრალია ჩელსი მანინგის ქვეყანაში არ დაშვების საკითხს განიხილავს

ჩელსი მანინგს, ყოფილ ამერიკელ სამხედროს, რომელმაც საიდუმლო ინფორმაცია „ვიკილიქსს“ გადასცა, შესაძლოა მომავალი ლექციების ტურისთვის ავსტრალიაში შესვლა აუკრძალონ.

მანინგის ტურის ორგანიზატორი სუზი ჯამილი ამბობს, რომ მთავრობისგან შეტყობინება მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ვიზის გაუქმების საკითხს განიხილავენ.

ავსტრალიის კანონმდებლობით, ქვეყანაში შესვლა ნებისმიერ არამოქალაქეს შეიძლება აეკრძალოს, თუ ის პიროვნების მორალური სახის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. მანინგს, შეერთებული შტატების არმიის დაზვერვის ანალიტიკოსს, 700 ათასზე მეტი საიდუმლო სამხედრო დოკუმენტის, ბრძოლის ველის ვიდეოების და დიპლომატიური შეტყობინებების „ვიკილიქს“-ისთვის გადაცემისთვის, 2013 წელს 35 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისი სასჯელი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2017 წელს, თანამდებობის დატოვების წინ შეამსუბუქა.

მანინგის ლექციები ავსტრალიის სამ ქალაქშია დაგეგმილი, რის შემდეგაც, ლექციებით ახალ ზელანდიაში გაემგზავრება, მაგრამ ქვეყნის ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნული პარტია მოითხოვს, რომ ის ამ ქვეყანაშიც არ შეუშვან.

დაპატიმრების შემდეგ მანინგმა განაცხადა, რომ თავს ქალად გრძნობდა. პატიმრობის დროს იბრძოლა და ჰორმონალური კურსის დაწყებას მიაღწია.