ავსტრალია ჩინეთს კიბერჯაშუშობაში ადანაშაულებს

ავსტრალია, შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჩინეთის დაზვერვის სააგენტოს კიბერ ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

პეკინის ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდებები, როგორც კიდევ ერთი „ჩინეთის კიბერუსაფრთხოების შეურაცხყოფისა და შელახვის“ მცდელობა.

ავსტრალიის სიგნალების დირექტორატმა, კიბერდაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ, ჩინური ჯგუფი სახელად APT40 დაადანაშაულა ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ფილიალის სახელით გავრცელებულ ჰაკერობაში.

სააგენტომ სამშაბათს განაცხადა, რომ ჰაკერები ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას ძველ და მივიწყებულ კომპიუტერებში შეღწევით, რომლებიც ჯერ კიდევ დაკავშირებული იყო გარკვეულ ქსელებთან. ავსტრალიელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამიზნეები იყო სამთავრობო და ბიზნეს ქსელები და რომ საფრთხე "მიმდინარეა" და ახლაც გრძელდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიამ პირდაპირ მიაწერა მავნე კიბერჯაშუშობა ჩინეთში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯგუფს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი ცდილობდა ჩინეთთან კავშირების სტაბილიზაციას წლების განმავლობაში დიპლომატიური უთანხმოების შემდეგ. მაგრამ, ის ასევე ამბობდა, რომ უთანხმოების სფეროები ამ ორ ქვეყანას შორის მაინც იარსებებდა.

ანალიტიკოსების თქმით, ავსტრალიის კიბერჯაშუშობის ბრალდებები, წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევის ესკალაციას პეკინის კიბერჯაშუშობის აქტივობათა შეკავების მიზნით. ჩინეთი სხვა ბრალდებებსაც უარყოფს.